სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორები, შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის (SNAO) პროფესიულ სასერტიფიკატო პროგრამაში „ეფექტიანობის აუდიტი გამოცდილი აუდიტორებისათვის“ მონაწილეობენ.
სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორები ანანო ლომაია და ნინო ბრეგვაძე, ასევე ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორი ნათია ჩხვირკია და აუდიტორ-სტაჟიორი ქრისტინე მაჭარაძე იმუშავებენ ეფექტიანობის აუდიტებზე, რომლის პროცესში მათ მენტორობას გაუწევენ საერთაშორისო ექსპერტები.
ერთწლიანი სასერტიფიკატო პროგრამის მიზანია აუდიტორთა კომპეტენციების ამაღლება და ეფექტიანობის აუდიტის ხარისხის გაუმჯობესება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
პროგრამის მონაწილეების პირველი სასწავლო/სამუშაო შეხვედრა გაიმართა ბოსნია-ჰერცოგოვინაში, ქალაქ სარაევოში, სადაც ინტერაქციული სესიებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით განიხილეს ძირითადი თემები, როგორიცაა განსხვავება აუდიტის სახეებს შორის, 3E-ის პრინციპი, ცვლილების თეორია, ინტერვენციის ლოგიკა და აუდიტის დაგეგმვის ინსტრუმენტები. მომდევნო შეხვედრა ივნისში მაკედონიაში შედგება.
პროგრამაში 35-მდე სახელმწიფო აუდიტორია ჩართული რვა უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციიდან - საქართველო, უკრაინა, სერბეთი, მოლდოვა, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ჩრდ. მაკედონია, ალბანეთი და კოსოვო.
შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის პროგრამაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მონაწილეობს როგორც ევროკავშირის კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ასამბლეის წევრი.
