სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შეხვედრა გაიმართა აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) ახალი პროგრამის „საჯარო მმართველობის პროგრამა“ წარმომადგენლებთან.
დელეგაციის წევრებმა შეხვედრაზე USAID-ის ახალი პროგრამის მიზნებსა და მიმართულებებზე ისაუბრეს. თავის მხრივ გენერალურმა აუდიტორმა ცოტნე ყავლაშვილმა მათ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საჭიროებები გააცნო.
„საჯარო მმართველობის პროგრამაში“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხუთწლიანი ჩართულობა მოიცავს ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობას აუდიტორული მიმართულებების, მათ შორის ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აუდიტის, აუდიტში საერთაშორისო გამოცდილებების გაზიარების, ელექტრონული სისტემების განვითარების, აუდიტორთა პროფესიული განვითარების, აშშ-ის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციასთან ერთობლივი პროექტების განხორციელების, სტაჟირების პროგრამების, საჯარო აუდიტის ინსტიტუტის საქმიანობის გაძლიერების, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის განმტკიცების და სხვადასხვა აქტივობების მიმართულებით.
გენერალურმა აუდიტორმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების იმ პროგრესზე ისაუბრა, რომელსაც ორგანიზაციამ მისი სტრატეგიული პარტნიორის USAID-ის მხარდაჭერით მიაღწია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა USAID-თან მემორანდუმის (2019-2022) და პროგრამის „კარგი მმართველობის ინიციატივა“ ფარგლებში (2014-2020) არაერთი პროექტი განახორციელა როგორც პროფესიული განვითარების, ასევე ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით.
შეხვედრას „საჯარო მმართველობის პროგრამის“ ხელმძღვანელი რიჩარდ ჰეისელვუდი, საზედამხედველო ინსტიტუტების მიმართულების ხელმძღვანელი ირინა არაბიძე, მმართველი ინსტიტუტების მიმართულების ხელმძღვანელი ანა გვენეტაძე და USAID-ის წარმომადგენელი ლინა პანტელეევა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან კი სახელმწიფო ბიუჯეტის და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ცოტნე ქარქაშაძე და დონორებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო კერესელიძე ესწრებოდნენ.


