სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, პროფესიული და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით, უმაღლესი საერთაშორისო შეფასება მიიღო.
SAI-PMF-ის ინდიკატორებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პროფესიული და ორგანიზაციული განვითარება (2018-2022წწ) მაქსიმალური 4 ქულიდან 3.4 ქულით შეფასდა.
უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საქმიანობის (SAI-PMF) შეფასება ევროკავშირის და ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) SIGMA-ს პროექტის მხარდაჭერით განხორციელდა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის საერთაშორისო შეფასების (SAI-PMF) და სტრატეგიული გეგმის შესრულების შედეგების პრეზენტაცია პარლამენტის, მთავრობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა წარუდგინა.
„აუდიტის სამსახურის მთავარი მიღწევა არის საერთაშორისო შეფასებები და საერთაშორისო აღიარება პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური განვითარება შეესაბამება ევროკავშირის ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული სამსახურების დონეს. ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიზანი პირნათლად არის შესრულებული“, - განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ყველა ობიექტური შეფასებით იმსახურებს უმაღლეს ქულებს. აუდიტის სამსახური ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია პარლამენტისთვის, აკონტროლოს სახელმწიფო ფინანსების მართვის საკითხები. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იყოს ძალიან პროფესიონალური და დამოუკიდებელი და მეორე მხრივ, პარლამენტიც იყოს მზად იმისთვის, რომ აუდიტის დასკვნები და ანგარიშები შესაბამისი პროფესიონალიზმით მოისმინოს“- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა ანგარიშის პრეზენტაციაზე.
„ჩვენ პირველ რიგში ვუფრთხილდებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობას და მეორე მხრივ კი ვუზრუნველვყოფთ მაღალი ხარისხის საპარლამენტო ზედამხედველობას. ზუსტად ამიტომ არსებობს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სამუშაო ჯგუფი, რომელიც იხილავს ნებისმიერ დასკვნას, რომელიც გადმოგზავნილი არის სახელმწიფო აუდიტიდან პარლამენტში“- განაცხადა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ ღონისძიებაზე.
SAI-PMF ერთადერთი დამოუკიდებელი, პროფესიული და ამასთანავე, კომპლექსური მექანიზმია, რომელიც აფასებს აუდიტის სამსახურების როგორც აუდიტორულ, ასევე არააუდიტორულ საქმიანობას, საკანონმდებლო ჩარჩოს, ორგანიზაციის დამოუკიდებლობის ხარისხს და მანდატს, შიდა მმართველობას და ეთიკას, ძირითად პარტნიორებთან კომუნიკაციას და ადამიანური რესურსების მართვას.
ღონისძიება, სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ეკონომიკური მმართველობის და ფისკალური ანგარიშვალდებულების (EGFA) ტექნიკური დახმარების პროექტის მხარდაჭერით გაიმართა.
ევროკავშირის პროექტი (EGFA) ემსახურება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციურ და დამოუკიდებლობის გაძლიერებას საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწითა და თანამშრომელთა პროფესიული განვითარებით. მისი მიზანია აუდიტის სამსახურის მხარდაჭერა შემოსავლების აუდიტის, სახელმწიფოს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტისა და მუნიციპალიტეტების აუდიტების მიმართულებით.

