სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ევროკავშირთან ერთად ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო 10 ნოემბერი, 2022

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ჩართულობით, ევროკავშირის პროექტის „უსაფრთხოების სექტორის გარე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში“ განხორციელების პირველი ეტაპი დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, პოლონეთის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციის (NIK) თავდაცვისა და მართლწესრიგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თბილისში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე უსაფრთხოების სექტორის მიმართულებით აუდიტების წარმოების საუკეთესო პრაქტიკები გააცნეს და გამოცდილება გაუზიარეს. 

„უსაფრთხოება პრიორიტეტული და სენსიტიური სექტორია ყველა ქვეყნისთვის. ჩვენი ევროპელი კოლეგების გამოცდილება და მათი პრაქტიკების გაზიარება ღირებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემდგომი საქმიანობის გასაძლიერებლად. ჩვენ ორიენტირებული ვართ მუდმივად გავზარდოთ შესაძლებლობები და ამ პროცესში ჩვენს ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“- აღნიშნა გენერალურმა აუდიტორმა ცოტნე ყავლაშვილმა პროექტის გახსნაზე. 

პროექტის ხელმძღვანელმა იოჰან ჰომსმა სამუშაო შეხვედრის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ევროპული გამოცდილების გაზიარება და აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების კიდევ უფრო გაუმჯობესება უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის ნაწილში.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უსაფრთხოების სექტორის გარე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში“ ძირითად მიზანს წარმოადგენს უსაფრთოხების საზედამხედველო ინსტიტუციების, პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სახალხო დამცველის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და სხვა აქტორების შესაძლებლობების გაძლიერება უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის მიმართულებით. 

პროექტი 2021 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს და 2024 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება. პროექტს ახორციელებს B&S Europe, PMCG-ისა და GCSD-ისთან კონსორციუმის ფორმატში. პროექტის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის განსახორციელებელ აქტივობებს შორისაა ევროპის ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების გამოცდილების გაზიარება თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დეპარტამენტის აუდიტორებისთვის, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აუდიტის მიმართულებით მხარდაჭერა და სამსახურში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება-განახლება.