სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტარებს სახელმწიფო შესყიდვების მართვის შესაბამისობის ანგარიში წარუდგინა 20 დეკემბერი, 2022

სახელმწიფო აუდიტორებმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე პარლამენტარებს „სახელმწიფო შესყიდვების მართვის სისტემური საკითხების შესაბამისობის აუდიტის“ მიგნებები და რეკომენდაციები გააცნეს. ანგარიში სისტემურია და აუდიტის შედეგად 10 სამინისტრო, მათ დაქვემდებარებაში არსებული ცხრა დაწესებულება და სამი უნივერსიტეტი შემოწმდა.

აუდიტმა რამდენიმე ძირითადი მიმართულება მოიცვა: შესყიდვის საჭიროების განსაზღვრა და ბაზრის კვლევა; შესყიდვის საგნის აღწერა და მოთხოვნები პრეტენდენტთა მიმართ; მიმწოდებლის შერჩევა-შეფასება; გამარტივებული შესყიდვები და ქვეკონტრაქტორები. 

სახელმწიფო აუდიტორებმა იმ მიგნებებსა და ხარვეზებზე ისაუბრეს, რომელიც შესწავლილ მიმართულებებში გამოვლინდა. აუდიტის ფარგლებში, აუდიტის ობიექტებისა და  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის გაცემულია შვიდი რეკომენდაცია.

აუდიტის ანგარიშის განხილვაზე, გაცემულ რეკომენდაციებზე ძირითადი მოპასუხე იყო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, რომელმაც პარლამენტარებს რეკომენდაციების შესრულების სტატუსები გააცნო. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, სამინისტროების და საქვეუწყებო დაწესებულებებისთვის გაცემული რეკომენდაციების ნაწილი შესრულებულია, ნაწილის სტატუსი კი მიმდინარეა.