სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) 2022 წლის შეფასებაში უმაღლესი შეფასება A მიიღო, რითაც გააუმჯობესა 2018 წელს მიღებული B+ შეფასება.
PEFA-ს შეფასება, რომელიც მსოფლიო ბანკმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თხოვნით და ევროკავშირის მხარდაჭერით განახორციელა, ახდენს ქვეყნის საჯარო ფინანსების მართვის სისტემის ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირებას. შეფასების შედეგები გათვალისწინებული იქნება საქართველოს 2023-2026 წლების საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგიაში.
ანგარიში სამ სრულ ფისკალურ წელს მოიცავს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ოთხი მიმართულებით აფასებს: ინსტიტუციური დამოუკიდებლობა; ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი და სტანდარტები; აუდიტის ანგარიშების დროული წარდგენა პარლამენტისათვის; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
2018 წელს ოთხი მიმართულებიდან სამ კომპონენტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უმაღლესი შეფასება - A დაიმსახურა, აუდიტის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგში კი B შეფასება მიიღო. აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის (ARIS) პრაქტიკაში დანერგვამ ამ კომპონენტის შეფასება A ქულამდე გაზარდა, რის შედეგადაც სამსახურმა სრულად დააკმაყოფილა PEFA-ს მოთხოვნები.
PEFA საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობის შეფასების მსოფლიოში აღიარებულ სისტემას წარმოადგენს.
შეფასების ანგარიში საზოგადოებას მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მართვის უფროსმა სპეციალისტმა პატრიკ უმაჰ ტეტემ წარუდგინეს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები.
