სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აჭარის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა კახა კირტავამ აჭარის ა/რ-ის უმაღლეს საბჭოს „2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ“, აჭარის ა/რ-ის მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება წარუდგინა.
მოხსენებაში შეფასებულია აჭარის ა/რ 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების შედეგები და გაანალიზებულია საკითხები, რომელთაც გავლენა აქვთ საჯარო ფინანსების მართვის პროცესზე.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საბიუჯეტო ასიგნებების დროული და თანაბარზომიერი ათვისება, მნიშვნელოვანია როგორც ბიუჯეტის შესრულების რეალური მაჩვენებლით წარმოჩენის, ასევე საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად და ეფექტიანად ხარჯვის უზრუნველსაყოფად.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, საჯარო ფინანსების მართვის სისტემის ფუნქციონირების ხელშეწყობისათვის, მიზანშეწონილია იმ შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება, რომელთა შესრულება გააუმჯობესებს ბიუჯეტის დაგეგმვა-ანგარიშგების პროცესს, ხელს შეუწყობს საჯარო ფინანსების მართვის ხარისხის ზრდას.

