სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, გენერალურ აუდიტორთან ცოტნე ყავლაშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.
გენერალურმა აუდიტორმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის შეფასების SAI PMF შედეგები გააცნო და ინსტიტუციური განვითარების პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ აღნიშნა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ინსტიტუციური განვითარების გაძლიერების და უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებისთვის, ევროკავშირის დაფინანსებით, არაერთი პროექტი განახორციელა.
ასევე, უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საქმიანობის SAI PMF განმეორებითი შეფასება ევროკავშირის და ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) SIGMA პროექტის მხარდაჭერით ჩატარდა.
ცოტნე ყავლაშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ამ პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.
თავის მხრივ, პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა ევროკავშირის მტკიცე მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან და მხარი დაუჭიროს უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუციას პროექტების განხორციელებაში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან - გენერალური აუდიტორის მოადგილე, ეკა ღაზაძე და დონორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო კერესელიძე, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - მმართველობისა და ადამიანური კაპიტალის მიმართულების ხელმძღვანელი კოლომბ დე მერსი.


