სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტორები სახელმწიფო საწარმოების აუდიტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დაესწრენენ 30 მაისი, 2025

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე შერმადინმა და ამავე დეპარტამენტის უფროსმა აუდიტორმა ირაკლი პეტრიაშვილმა მონაწილეობა მიიღეს აუდიტორული უწყებების გაერთიანების ASOSAI-ის სახელმწიფო საწარმოების აუდიტის სამუშაო ჯგუფის (WGSOEA) შეხვედრაში, რომელიც  მალაიზიის ქალაქ პუტრაჯაიაში გაიმართა.

სახელმწიფო საწარმოების აუდიტის სამუშაო ჯგუფი ASOSAI-ის წევრი 32 ქვეყნის წარმომადგენლებისგან შედგება და მისი მიზანია სახელმწიფო საწარმოებში მმართველობის, ანგარიშვალდებულების, ეფექტიანობის და გამჭვირვალობის გაძლიერება. 

ღონისძიების ძირითადი ნაწილი სესიების ფორმატით ჩატარდა და სახელმწიფო საწარმოების აუდიტის განვითარების სამომავლო მიმართულებებს ეხებოდა. მონაწილეებმა განიხილეს საერთო გამოწვევები, აუდიტის პრაქტიკა და თანამშრომლობისა და ცოდნის გაცვლის გზით აუდიტის მეთოდოლოგიების გაუმჯობესების შესაძლებლობები.

ASOSAI-ს სახელმწიფო საწარმოების აუდიტის სამუშაო ჯგუფის (WGSOEA) შეხვედრის გარდა, ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ASEAN-ის აუდიტორთა 2025 წლის პირველ კონფერენციას, რომელმაც 2000-ზე მეტი მონაწილე გააერთიანა.

შეხვედრას მალაიზიის ეროვნული აუდიტის სამსახური და პირადად მალაიზიის გენერალური აუდიტორი მასპინძლობდა. WGSOEA -ს სამუშაო ჯგუფი ASOSAI-ის ფარგლებში პირველი ინიციატივაა, რომელიც კონკრეტულად სახელმწიფო საწარმოების (SOE) აუდიტის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.