ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კაპანაძემ და თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აუდიტორმა სალომე მანჯგალაძემ, INTOSAI IDI-ის ინიციატივის „ტექნოლოგიური პროგრესის გამოყენება“ (Leveraging on Technological Advancement (LOTA) Pioneers) სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
IDI-ის ამ ინიციატივის (LOTA) მიზანია ხელი შეუწყოს უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუტებს ჩაატარონ საჯარო სექტორში ახალი და ტრადიციული ტექნოლოგიების აუდიტი; ორგანიზაციების შიგნით ტექნოლოგიების ათვისებით და უკეთ გამოყენებით, გაზარდონ პროდუქტიულობა და გაამარტივონ ადმინისტრაციული პროცესები. ტექნოლოგიების განვითარება და სახელმწიფო უწყებების მიერ მათი გამოყენება (მაგ. Big data, ბლოკჩეინი და ა.შ.) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ყველა ქვეყნის აუდიტორული უწყებებისთვის. აუდიტორული პროცესების ეფექტურად განხორციელებისათვის აუცილებელი ხდება სხვადასხვა სახის აუდიტებში ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტების ინტეგრირება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური LOTA ინიციატივის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებას გეგმავს. IDI-ის LOTA-ს მიერ შემუშავებული კითხვარის საფუძველზე სამსახური იწყებს სკანირების პროცესს როგორც შიგნით - სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, ასევე მთლიანად საჯარო სექტორში.
შიდა ორგანიზაციული სკანირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შესაძლებლობას მისცემს შეაფასოს - რამდენად საკმარისად და ეფექტიანად იყენებს ტექნოლოგიებს ორგანიზაციული მართვის პროცესში და რა საჭიროებები დგას დღის წესრიგში.
საჯარო სექტორის სკანირების პროცესი გულისხმობს სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ გამოყენებული ტექნოლოგიების აღრიცხვა-იდენტიფიცირებას და შესაბამისი რეესტრის შემუშავებას. ეს სამსახურს დაეხმარება სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, შეარჩიოს რელევანტური თემები და ხელსაწყოები, გააძლიეროს ორგანიზაციული შესაძლებლობები ამგვარი ტექნოლოგიების აუდიტით დასაფარად და შერჩეულ თემებზე უფრო მასშტაბურად აწარმოოს აუდიტორული პროცესები.
საჯარო სექტორის სკანირების შემდეგ დაგეგმილია საპილოტე აუდიტის ჩატარება. აუდიტის თემა მოგვიანებით, სკანირების შედეგების გაანალიზების შემდგომ გამოიკვეთება.
მსგავსი მასშტაბური პროექტი ქვეყანაში პირველად ხორციელდება და INTOSAI IDI სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ პროცესში კონსულტაციას გაუწევს. საკონსულტაციო შეხვედრები ინდოეთში გამართულ ვორკშოფზეც შედგა. სამუშაო შეხვედრების პროგრამა მოიცავდა ტექნოლოგიების აუდიტთან დაკავშირებულ თემატიკებს, როგორებიცაა: ტექნოლოგიების აუდიტის სტრატეგიული დაგეგმვა; ტექნოლოგიების გარემოს შესწავლა; ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების მეთოდები და მასთან დაკავშირებული რისკები; ტექნოლოგიების კონტროლი და უსაფრთხოება, მონაცემთა დამუშავება და ანალიზი.
ინდოეთის ქ.ნოიდაში INTOSAI IDI-ის ინიციატივის - „ტექნოლოგიური პროგრესის გამოყენება“- სამუშაო შეხვედრაში 18 ქვეყნის 35 წარმომადგენელი მონაწილეობდა. თითოეული ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული უწყებიდან წარმოდგენილები იყვნენ საშუალო რგოლის მენეჯერები და აუდიტორული ჯგუფის უფროსები.