სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტორებმა ელექტრონული მმართველობის აუდიტის საერთაშორისო ტრენინგი გაიარეს  13 ნოემბერი, 2023

,,ელექტრონული მმართველობის აუდიტის’’ ერთთვიანი საერთაშორისო სასწავლო პროგრამა გაიარეს სახელმწიფო აუდიტორებმა ქალაქ ნოიდაში, ინდოეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის საინფორმაციო სისტემების და აუდიტის საერთაშორისო ცენტრში (ICISA). 

სასწავლო პროგრამა, რომელშიც 25 ქვეყნის აუდიტორული ორგანიზაციის 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, მოიცავდა ელექტრონული მმართველობის კონცეფციის, მისი შესაძლებლობების და გამოწვევების, ელექტრონული მმართველობის პროექტების აუდიტის პრინციპების გაცნობასა და რისკების შეფასებას. პროგრამის მონაწილეებმა ასევე შეისწავლეს მონაცემთა ანალიზის სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება, ელექტრონული მმართველობის სისტემების ევოლუცია ინდოეთის მაგალითზე და გაიზიარეს მათი პრაქტიკული მაგალითები.

ინდოეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის საინფორმაციო სისტემებისა და აუდიტის საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები, სადაც მონაწილეები გაეცნენ ინდოეთის აუდიტორული უწყების მიერ ჩატარებულ აუდიტებს, ასევე მათ მიერ ანალიტიკური პროცედურების ჩასატარებლად და მონაცემთა ვიზუალიზაციისთვის გამოყენებულ ისეთ კომპიუტერულ პროგრამებს, როგორიცაა: Tableau, Power BI და KNIME.

ინდოეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს (CAG) მიერ დაფუძნებული საინფორმაციო სისტემებისა და აუდიტის საერთაშორისო ცენტრის (ICISA) ტრენინგპროგრამაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან მონაწილეობდნენ აუდიტორი ანანო ლომაია და უფროსი აუდიტორები ნატალია საღარეიშვილი და ირაკლი პეტრიაშვილი. მათ ტრენინგის ბოლოს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.