სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტორებმა პარლამენტის სამუშაო ჯგუფის წევრებს აუდიტის ორი ანგარიში გააცნეს 08 ნოემბერი, 2022

პარლამენტში აუდიტის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის წევრებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებმა შესაბამისობის და ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშებზე მომზადებული პრეზენტაციები წარუდგინეს. 

ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თორნიკე შერმადინმა ჯგუფის წევრებს ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობის სფეროში ჩატარებული აუდიტების შედეგები, მიგნებები და რეკომენდაციები წარუდგინა. 

„ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტის – „დანერგე მომავალი“ შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში მიგნებები შეეხებოდა განაცხადების აღრიცხვისა და სისტემატიზაციის, ასევე დახარვეზების ნაკლოვანებებს, ნერგების გაშენების პროცესს, კონტროლის მექანიზმებს, სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტს, პროგრამის ბიუჯეტის დაგეგმვა - ანგარიშგებას. თორნიკე შერმადინმა ასევე ისაუბრა მიგნებების საფუძველზე გაცემულ რეკომენდაციებზე და მათი შესრულების შედეგად მიღებულ სარგებელზე. 

„სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების (შემდგომი რეაგირება) ეფექტიანობის აუდიტის“ ანგარიშში განხილულია ნაკლოვანებები, რომლებიც დაკავშირებულია სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის შეფასების, სახელმწიფო კონტროლის მართვის ელექტრონული პროგრამის და აღმოჩენილი დარღვევების გასაჯაროების მიმართულებით არსებულ ხარვეზებთან. ანგარიშის ფარგლებში გაცემულია ექვსი რეკომენდაცია.

სამუშაო ჯგუფის სხდომას აუდიტის ობიექტებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც რეკომენდაციების შესრულების სტატუსი და უკვე შესრულებული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს. აუდიტის ჯგუფის წევრებმა და აუდიტის ობიექტების წარმომადგენლებმა პარლამენტარების კითხვებს უპასუხეს.