სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტორებმა პარლამენტში ცხრა სამინისტროს ფინანსური აუდიტების მიგნებები და რეკომენდაციები წარადგინეს  23 მაისი, 2023

პარლამენტში აუდიტის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი ჯგუფის სამუშაო სხდომაზე სამინისტროების 2021 წლის ფინანსური ანგარიშგებების აუდიტების შედეგები განიხილეს. 

სამუშაო ჯგუფის წევრებსა და აუდიტის ობიექტების წარმომადგენლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცხრა სამინისტროში ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლენილი მიგნებები წარუდგინა, რომელთა შორისაა აქტივების მართვის, მოთხოვნებისა და ვალდებულებების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ზოგადი შიდა კონტროლის მექანიზმების მიმართულებით არსებული ნაკლოვანებები.

აუდიტების ფარგლებში, სამინისტროების მუშაობის და ფინანსური აღრიცხვიანობის  გასაუმჯობესებლად, სახელმწიფო აუდიტორებმა საერთო ჯამში 105 რეკომენდაცია გასცეს. ფინანსური ანგარიშგების აუდიტების შედეგად დაიფარა სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების დაახლოებით 90%, გაიცა ექვსი უარყოფითი და სამი პირობითი მოსაზრება.

პრეზენტაციას საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი გიორგი ჭოლოკავა უძღვებოდა. პარლამენტარების კითხვებს გენერალური აუდიტორის მოადგილემ სოფიო დვალიშვილმა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა, ასევე სექტორული სამინისტროების წარმომადგენლებმა უპასუხეს.