სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 11 აპრილი, 2025
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სისტემური აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2022, 2021

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების მიერ 2021-2022 წლებში განხორციელებული საფინანსო - ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. 

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ორგანიზაციული და პერსონალის მართვა

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების ანგარიშვალდებულების ნაკლოვანებები - 2021 წლიდან რეგიონების განვითარების სტრატეგია აღარ განახლებულა, რაც უარყოფით გავლენას ახდენს რეგიონების პოტენციალის სრულად ათვისებასა და არსებული გამოწვევების გადაჭრაზე. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებს მთავრობის მიერ არ განესაზღვრათ სამოქმედო გეგმებისა და შემდგომ შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების შედგენის ვალდებულება, სადაც ასახული იქნებოდა წლის განმავლობაში დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობები და სხვადასხვა აქტივობები. აქედან გამომდინარე, მთავრობა მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს საქართველოს ტერიტორიაზე ადმინისტრაციების საქმიანობის შედეგები. 

საკადრო უზრუნველყოფის ნაკლოვანებები - მთავრობის მიერ, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების საშტატო ნუსხის შედგენისას, არ არის გათვალისწინებული საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რის გამოც ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებული პირების რაოდენობა შტატების მთლიან ოდენობასთან შეფარდებით მაღალია და არ შეესაბამება კარგ მმართველობით პრაქტიკას. 

თანამდებობაზე აღდგენა არაუფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ - მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და სამსახურში აღდგენის მოთხოვნა, მოხელის მონაწილეობის/თანხმობის გარეშე წარმოუდგენელია, ხოლო მოხელის ჩართულობა, როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ისე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია გათავისუფლების ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში გასაჩივრების საფუძველზე. სამსახურიდან გათავისუფლებული მოხელეების განცხადებები თავისი შინაარსით, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივარია. შესაბამისად, საქმის განხილვა უნდა განხორციელებულიყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში.  

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსამსახურეების სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის პრინციპებს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო რწმუნებულის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს აუქმებს საქართველოს მთავრობა, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში.

შრომის ანაზღაურება

ზედმეტად დარიცხული და ანაზღაურებული ხელფასი - სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში, ცალკეულ შემთხვევაში − არასათანადოდ, ხოლო ძირითად შემთხვევებში, საერთოდ არ არის შემუშავებული ფაქტობრივად ნამუშევარი დროის გამოყენების ყოველთვიური აღრიცხვის სისტემა. ამასთანავე, შრომის ანაზღაურების არასწორი გაანგარიშების შედეგად აუდიტის პერიოდში გამოვლინდა ზედმეტად დარიცხული შრომის ანაზღაურების შემთხვევები. აღნიშნული გარემოებები, შრომის ანაზღაურების სახით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან მიმართებით, კონტროლის მექანიზმების არსებით სისუსტეზე მიუთითებს. 

დანამატების გაცემის ხარვეზები - სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლის, გურიის, იმერეთისა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში დასაქმებულ მოხელეებზე, დამატებითი ფუნქციების დაკისრებისა და ამის საფუძველზე სახელფასო დანამატების გაცემის დროს, არ იყო გათვალისწინებული კანონმდებლობის მოთხოვნები, რაც კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე მიუთითებს და წარმოშობს დანამატების დასაბუთების გარეშე გაცემის რისკებს. კახეთის, იმერეთის, ქვემო ქართლის და გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში სახელფასო დანამატების გაცემისას, არ იყო გათვალისწინებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“  საქართველოს კანონების მოთხოვნები, რომელთა თანახმად, მოხელის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაო სრულდება მხოლოდ მოხელის ზემდგომი თანამდებობის პირის წერილობითი დავალების საფუძველზე, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის სახელფასო დანამატის მიცემის უფლებამოსილება უნდა გამომდინარეობდეს ხელშეკრულების პირობებიდან.

შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე ფულადი ჯილდოს გაცემის ხარვეზები - გარდა გურიისა და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებისა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე, ფულადი ჯილდოების გაცემის დროს არ იყო გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები. შედეგად, მოსამსახურეთა წახალისების მიზნით თანხების ანაზღაურება ხდებოდა შესრულებული სამუშაოების სათანადოდ დასაბუთების გარეშე.

შრომითი ხელშეკრულებების მართვის ნაკლოვანებები

შრომითი ხელშეკრულებების ნაკლოვანებები:

  • ქვემო ქართლისა და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში მოსამსახურეებთან გაფორმებული ხელშეკრულებები ცალკეულ შემთხვევაში არ შეიცავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ისეთ არსებით პირობებს, როგორებიცაა, შესასრულებელი სამუშაოს სახე ან აღწერილობა, ხელშეკრულებებში არ იყო გაწერილი თანამდებობის შესაბამისი ფუნქცია/მოვალეობები; 
  • სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და იმერეთის ადმინისტრაციებში, ზოგიერთ შემთხვევაში ხელშეკრულებებში მითითებული იყო ზოგადი ფუნქციები, კონკრეტულად შესასრულებელი სამუშაოს აღწერის გარეშე; 
  • ქვემო ქართლის ადმინისტრაციაში მოსამსახურეებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილებები ხორციელდებოდა ხელმძღვანელი პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით, მხარეთა შორის შესაბამისი შეთანხმებების გაფორმების გარეშე;
  • გურიის ადმინისტრაციაში ხუთ შტატგარეშე მოსამსახურესთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმებული იყო თოთხმეტი სამუშაო დღის დაგვიანებით; 
  • მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის ადმინისტრაციებში შრომით ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს, ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, მინიჭებული ჰქონდათ საჯარო დაწესებულების არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება, თუმცა ხელშეკრულებები შტატგარეშე მოსამსახურეებთან გაფორმებული იყო ხანგრძლივი პერიოდით. ადმინისტრაციებში ასევე არ ხდება შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებულ პირთა მიერ შესრულებული სამუშაოების დოკუმენტური დადასტურება, რაც ზემოაღნიშნულ სხვა გარემოებებთან ერთად შეუსაბამოა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ვერ უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების სათანადო კონტროლს და წარმოშობს ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე ანაზღაურების უსაფუძვლოდ გაცემის რისკებს. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა დადგენილზე მეტი რიცხოვნობა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების მიზნით, საქართველოს მთავრობის თანხმობები 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა ვერ წარმოადგინეს, ხოლო 2022 წელს მცხეთა- მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, გურიის, ქვემო ქართლისა და სამეგრელო - ზემო სვანეთის ადმინისტრაციებზე საქართველოს მთავრობის თანხმობები გაცემულ იქნა მოსამსახურეებთან შრომითი ურთიერთობების წარმოშობის შემდეგ, კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის ადმინისტრაციებზე თანხმობები გაცემული არ არის, რაც შეუსაბამოა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

ავტოპარკის მართვა

ფუნქციურად გაუმიჯნავი ავტომანქანები - სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში არ არის მიღებული სამართლებრივი აქტი, რომლითაც განისაზღვრებოდა სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენების წესი და პრინციპები, რაც წარმოშობს როგორც ტრანსპორტის, ისე საწვავის არამიზნობრივად და არაეფექტიანად გამოყენების რისკებს. 

დასაბუთების გარეშე გამოყენებული ავტომობილები - აუდიტის პროცესში ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი ფორმალური დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა საწვავის ჩასხმისა და ავტომობილების სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენების აუცილებლობას, რაც სამსახურებრივი ავტომობილების პირადი მიზნებით გამოყენების რისკებს წარმოშობს; ასევე სათანადო დასაბუთების გარეშე თანამშრომლების პირად მფლობელობაში არსებულ ავტომანქანებზე საწვავის ხარჯების გაწევა, წარმოქმნის საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერად გამოყენების რისკს. 

ავტოსარემონტო ხარჯების ნაკლოვანებები - სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში ცალკეულ შემთხვევებში არ არის წარმოდგენილი ავტოტექმომსახურების ხარჯის გაწევაზე უფლებამოსილი პირის თანხმობები, ხოლო იმერეთის ადმინისტრაციაში სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს, არ ხდება მიმწოდებლებთან გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების ამოქმედება, რომლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება, რაც ვერ უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ ხარჯვას.

წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯების დაფინანსება

წარმომადგენლობითი ხარჯების ხარვეზები - სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ხშირ შემთხვევაში არ არის მითითებული ღონისძიების დასახელება ან ვერ დგინდება იმ ღონისძიებების მიზანი, რომელთა ფარგლებში მოხდა წარმომადგენლობითი ხარჯის გაწევა, ასევე არ არის მითითებული ღონისძიებებზე დამსწრე პირთა ვინაობა და რაოდენობა. ცალკეულ შემთხვევაში არ არის შედგენილი სტუმრებისთვის საჩუქრების გადაცემის აქტები, რაც წარმოშობს ხარჯების დაუსაბუთებლად გაწევის რისკებს. 

სამივლინებო ხარჯების ნაკლოვანებები - სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში არ არის სისტემატიზებული მგზავრობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოება, რაც კონტროლის სისტემის ნაკლოვანებას წარმოადგენს.

აქტივების მართვა და განკარგვა

აქტივების და ვალდებულებების მართვაში გამოვლენილი ნაკლოვანებები - სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში ინვენტარიზაციის პროცესში არ არის გათვალისწინებული ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მოთხოვნები, რაც აქტივების მართვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე მიუთითებს; ასევე რწმუნებულის ადმინისტრაციების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა ავტომანქანების როგორც რწმუნებულის ადმინისტრაციებზე გადმოცემის, ასევე ადმინისტრაციების მიერ მუნიციპალიტეტებზე გადაცემის აუცილებლობას, რაც წარმოშობს აღნიშნული ქონების არარაციონალურად გამოყენების რისკებს.

სახელმწიფო შესყიდვები 

სახელმწიფო შესყიდვებში კონკურენციის შეზღუდვა - კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების მიერ, არ იყო სათანადოდ დასაბუთებული ავტოტექმომსახურების შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაციებით განსაზღვრული ცალკეული მოთხოვნების აუცილებლობა. შედეგად, ვერ იქნა დაცული კონკურენციისა და შეჯიბრებითობის პრინციპები. ტენდერში მონაწილეობას იღებდა და იმარჯვებდა პრაქტიკულად ერთი პრეტენდენტი, რის გამოც ხელშეკრულებები ფორმდებოდა პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების შესაბამის თანხებზე. 

მონეტარული ზღვრების დაუცველად განხორციელებული შესყიდვები - იმერეთის ადმინისტრაციის მიერ 5,000 ლარზე მეტი ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის შეძენა განხორციელებულია გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, არ იქნა გამოყენებული სატენდერო პროცედურები, შედეგად დაირღვა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები და ვერ იქნა მიღებული შესაძლო ეკონომია.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებს

რეკომენდაცია №1:

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა, რეგიონებში არსებული პოტენციალის განვითარების ხელშეწყობისა და არსებული პრობლემების/გამოწვევების უფრო ეფექტიანად გადაჭრისათვის, მიზანშეწონილია საქართველოს მთავრობასთან იმუშაონ თითოეული რეგიონისათვის - „რეგიონის განვითარების სტრატეგიის“ განახლებაზე. 

რეკომენდაცია №2: 

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა, ეფექტიანი კონტროლისა და კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვის მიზნით, საქართველოს მთავრობას წარუდგინონ თავიანთი საქმიანობის ანგარიშები, სადაც ასახული იქნება წლის განმავლობაში ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი და შესრულებული სამუშაოები. 

რეკომენდაცია №3:  

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა შეიმუშაონ და პრაქტიკაში დანერგონ შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც საბიუჯეტო რესურსის რაციონალურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად, სათანადოდ აღრიცხავს დასაქმებულთა ფაქტობრივად ნამუშევარ დროს და აღნიშნული მონაცემების საფუძველზე განხორციელდება შრომის ანაზღაურების სწორად დარიცხვა. 

რეკომენდაცია №4: 

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართლზომიერი გამოყენების უზრუნველყოფის და კონტროლის გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მიზანშეწონილია შეიმუშაონ ინსტრუქცია ავტოპარკის მართვის საკითხებთან დაკავშირებით. კარგი პრაქტიკის დანერგვისთვის შესაძლოა გათვალისწინებულ იქნეს საჯარო სექტორში უკვე არსებული პრინციპები. ავტოსატრანსპორტო საშუალებების არასამსახურებრივი გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, სამორიგეო ავტომობილის გამოყენება განხორციელდეს სამსახურის უფროსის ან სხვა უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობით; ასევე მნიშვნელოვანია შემუშავდეს სპეციალური ფორმა, რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაცია სამორიგეო ავტომობილის გამოყენების საჭიროების და მისი გადაადგილების მარშრუტის შესახებ. 

რეკომენდაცია №5:  

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა, საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად განკარგვის მიზნით, მიზანშეწონილია შეიმუშაონ კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივად გამოყენების პრევენციას და დროულად გამოვლენას. კერძოდ, საწვავის ხარჯვაზე სრულყოფილი კონტროლის მიზნით, მიზანშეწონილია ავტომობილის გადაადგილების სატელიტური (GPS) ან სხვა სახის ელექტრონული კონტროლის სისტემის დანერგვა, ხოლო თუ ეს ტექნიკური საშუალებებით ვერ მიიღწევა, აწარმოოს დოკუმენტაცია ე.წ. საგზურის ფურცლებით, სადაც დაფიქსირდება ავტომობილების კონკრეტული მიმართულება და გავლილი მანძილი. 

რეკომენდაცია №6:  

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველსაყოფად, თანამშრომლების პირად ავტომობილებზე საწვავი გაიცეს დასაბუთებულად, კონკრეტული სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე და განხორციელდეს სათანადო აღრიცხვა მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, სადაც განმარტებული იქნება საწვავის გაცემის მიზნობრიობა და ოდენობა. 

რეკომენდაცია №7: 

კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა, ავტოტექმომსახურების ხარჯის არამიზნობრივად გაწევის რისკის შესამცირებლად, ავტოტექმომსახურების სამუშაოების წარმოება განახორციელონ უფლებამოსილი პირის თანხმობის შემდეგ. 

რეკომენდაცია №8:  

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ განხორციელებული მივლინებების დადასტურების მიზნით, აწარმოონ სამივლინებო ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის სისტემატიზაცია. კერძოდ, დოკუმენტაციაში სხვა შესაბამის საბუთებთან ერთად სრულად უნდა იყოს ასახული ჩასხდომის ბარათები ან/და ელექტრონული ბილეთები. 

რეკომენდაცია №9: 
 
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების (გურიის გარდა) მიერ, ფინანსური ანგარიშგების სამართლიანი წარდგენის მიზნით, მნიშვნელოვანია დადგინდეს კრედიტორული დავალიანებების რეალურობა, შესწავლილ იქნეს ხანდაზმულობის მიზეზები, შეფასდეს დაფარვის ალბათობა და გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით.