სახელმწიფო აუდიტის სამსახური

15 თებერვალი, 2016
საჯარო სამართლის იურიდიული პირი საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ 2013 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 ივლისამდე განხორციელებული საქმიანობის კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი:

სამსახური განთავსებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შენობაში, თუმცა ვერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული ქონებით სარგებლობის უფლებასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაცია. ამასთან, სამსახურის მიერ არ ხდებოდა კომუნალური ხარჯების დაფარვა.

2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უსასყიდლოდ გადმოცეულია 1,101,568 ლარის ღირებულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, თუმცა სამსახურის ბალანსზე ასახულია მხოლოდ მიწის ნაკვეთის ღირებულება, ვინაიდან გადმოცემულ დოკუმენტაციაში მითითებული არ არის შენობა-ნაგებობის ღირებულება. 2015 წლის 17 ივნისს სამსახურმა წერილობით მიმართული აქვს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროსთვის შენობა-ნაგებობების ღირებულების დადგენის მიზნით, რაც ამ უკანასკნელის მიერ ვერ იქნა განსაზღვრული მათი ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის არქონის გამო.

2014 წელს ანალიტიკურ სამსახურში სამორიგეო ავტომობილების გამოყოფაზე მოთხოვნის ინიცირება დოკუმენტურად არ ხდებოდა, ხოლო 2015 წელს სამსახურის მიერ შემუშავებული ელექტრონული ფორმა  აუდიტის ჯგუფის აზრით სრულად ვერ აკმაყოფილებს მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს.

2013-2104 წლებში ადგილი ჰქონდა ისეთ შემთხვევებს, როდესაც სამსახურის უფროსის სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში მყოფ ავტომანქანაზე  საწვავის ხარჯი გაიწეოდა სამსახურის უფროსის ქვეყნის გარეთ მივლინებით ყოფნის პერიოდშიც.

აუდიტის პერიოდში სამსახურის მიერ ხდებოდა ქონების უსასყიდლოდ გადაცემა, შესაბამისი მხარის მოთხოვნის დასაბუთების გარეშე. ამავდროულად გადაცემულია ისეთი აქტივები, რომლებიც სამსახურის მიერ  გადაცემამდე მცირე ხნით ადრეა შეძენილია.

2013 და 2014 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციების მიხედვით, საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურის ერთობლივ შემოსავალში ასახულია კომერციულ ბანკში განთავსებულ დეპოზიტზე შესაბამისი წლების მიხედვით დარიცხული სარგებელი, მაშინ როდესაც მთავრობის დადგენილების მიხედვით, ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტიდან მიღებული პროცენტები მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება. 2013 წელს ერთობლივ შემოსავალში ზედმეტად ასახულმა თანხამ შეადგინა 9,039 ლარი, ხოლო 2014 წელს 31,049 ლარი.

სამსახურს ცალკეულ შემთხვევებში არასრულყოფილად აქვს განხორციელებელი მოსამზადებელი სამუშაოები შესასყიდი საქონლის ტექნიკური სპეციფიკაციების განსაზღვრის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვისას გადასახდელი ფასისა და მისაღები ხარისხის ოპტიმალური შეფარდების უზრუნველსაყოფად, რაც გამოიხატება იმაში, რომ არასაკმარისი სამუშაოა გაწეული შესყიდვის ობიექტის მახასიათებლების, სავარაუდო ღირებულების, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ხელშეკრულების პროექტის მომზადების მიზნით. 


წარმდგენი: ნანა ვაჩაძე