სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სემინარი თემაზე: „მსოფლიო ბანკის პროცედურებით შესყიდვების შემდგომი შეფასება (POST REVIEW)“ 11 მაისი, 2017

2017 წლის 24-27 აპრილს მსოფლიო ბანკის ორგანიზებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებისათვის  გაიმართა სემინარი თემაზე: „მსოფლიო ბანკის პროცედურებით შესყიდვების შემდგომი შეფასება (Post Review)“. სემინარს უძღვებოდა მსოფლიო ბანკის შესყიდვების სპეციალისტი, სანდრო ნოზაძე.

აღნიშნული სემინარის მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავება მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურების მიმართულებით, რათა ერთობლივად მოხდეს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტებისათვის ყოველწლიური შესყიდვების შემდგომი შეფასების (Post Review) პროცედურის განხორციელება. შეფასების პროცედურები მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად განხორციელდა 2017 წლის 1 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, რომლის ფარგლებშიც მოხდა მსოფლიო ბანკის მიერ სხვადასხვა უწყებებში დაფინანსებული პროექტების განხილვა და შეფასება შესყიდვების პროცედურების მიხედვით.

ტრენინგზე განხილული იყო მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების შემდგომი შეფასების (Post Review) არსებული ანგარიშები, შესყიდვისათვის აუცილებელი სატენდერო დოკუმენტაციის მომზაNnება და მიღებული სატენდერო წინადადებების შეფასების პროცედურები. ამასთანავე, კიდევ ერთხელ მოხდა შესყიდვების მიმართულებით არსებული ზოგადი რეგულაციების და მათში განხორციელებული ცვლილებების განხილვა.

აღნიშნულ თემაზე ტრენინგი გაიმართა როგორც 2015, ასევე 2016 წელს და საგულისხმოა, რომ  მსოფლიო ბანკის მიერ  ანალოგიური ტრენინგების  ჩატარება იგეგმება ყოველწლიურად. აღნიშნული თავის მხრივ, წარმოადგენს მსოფლიო ბანკის სტრატეგიის ნაწილს, რომელი სტრატეგიაც შესყიდვების შემდგომი შეფასების (Post Review) ფუნქციის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის მინიჭებასა და სას-ში დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების აუდიტის დანერგვას გულისხმობს.

დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების აუდიტის დანერგვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მომავალში უზრუნველყოფს პროექტების, როგორც ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აუდიტის ჩატარებას, ასევე, მათ შეფასებას საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასა და მარეგულირებელ ნორმებთან მიმართებაში.