აუდიტით გამოვლინდა პროგრამის დიზაინთან, დაფინანსების მექანიზმებთან, საშემსყიდველო საქმიანობასთან, მის ეფექტიან ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარვეზები და ნაკლოვანებები; ასევე, ზედმეტად გადახდილი საბიუჯეტო სახსრები.
კერძოდ, „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, სააგენტოს მიერ განხორციელებული საშემსყიდველო საქმიანობის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებები შეუსაბამობაშია კრიტერიუმების მოთხოვნებთან. შედეგად, კონტრაქტი გაფორმდა ისეთ მიმწოდებელთან, რომელსაც არავითარი გამოცდილება არ ჰქონდა ბიზნესის მოცემულ სფეროში; აღნიშნულმა და ასევე იმ გარემოებამ, რომ შესყიდვის ერთი ობიექტის ქვეშ გაერთიანებული იყო განსხვავებული ფუნქციონალური დანიშნულების სასაქონლო ნომენკლატურა, განაპირობა მნიშვნელოვანი ხვედრითი წილით წარმოდგენილი ზოგიერთი საქონლის მიხედვით საბაზრო პირობებისადმი შეუსაბამო მაღალი „ფასნამატის“ მაჩვენებლი. ქვეპროგრამის თანხმად შეძენილი პროდუქციის ბენეფიციარ ოჯახებზე გადაცემისას, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო რწმუნება 269,900 ლარის ოდენობის ხელმოუწერელი მიღება-ჩაბარების დანართების მიხედვით ბენეფიციარ ოჯახებზე გაცემული/მიღებული პროდუქციის სახეობების და რაოდენობის შესახებ.
პროგრამის ფარგლებში, დადგენილი კრიტერიუმის შეუსაბამოდ, ზედმეტად გადახდილმა საბიუჯეტო სახსრებმა შეადგინა 25,887 ლარი, მათ შორის: „მინდობით აღზრდის“ ქვეპროგრამის მიხედვით - 16,105 ლარი; „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის მიხედვით - 1,905 ლარი; „დღის ცენტრების“ ქვეპროგრამის მიხედვით - 7,877 ლარი (მხოლოდ შერჩეული ორგანიზაციების მიხედვით).
შესამოწმებელ პერიოდში, ბენეფიციარების ოპტიმალურად განაწილების პირობებში, შესაძლებელი იყო შეუვსებელი ლიმიტის მიხედვით სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციებისათვის გადარიცხული საბიუჯეტო თანხების დაზოგვა: 1. „მცირე საოჯახო ტიპის სახლების“ ქვეპროგრამის მიხედვით - 54,920 ლარის ოდენობით; 2. „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის“ ქვეპროგარმის მიხედვით - 82,260 ლარი. ასევე, მომსახურების ანაზღაურების ახალმა წესმა (2015 წლის 1 ივლისამდე-3თვე) „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის მიხედვით ხარჯები გაზარდა 6,440 ლარით.
„დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის მიხედვით:
- კოხლეარული იმპლანტის მორგება-რეგულირების მომსახურების არსებული დაფინანსების მოდელი ვერ უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ ხარჯვას;
- მარაგების მართვის არსებული პოლიტიკა, სახსრების რაციონალური ხარჯვის თვალსაზრისით არაეფექტურია და არ იძლევა ოპტიმალური მარაგის ფორმირების შესაძლებლობას.
სახელწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემულ იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.