პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ბოლო წლებში სპორტის მიმართულებით ჩატარებული აუდიტის ანგარიშები განიხილა.
კომიტეტის წევრებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა რამდენიმე თემატური ანგარიში წარუდგინეს. სპორტული ფედერაციების აუდიტის ანგარიშებიდან პარლამენტარებს გააცნეს ის სისტემური ხარვეზები, რომელიც დამახასიათებელი იყო ფედერაციების მუშაობისთვის, მათ შორის - ფეხბურთის, რაგბის, კალათბურთის, ჭადრაკის, ქართული ჭიდაობის ფედერაციების ანგარიშებიდან. მიგნებებთან ერთად აუდიტორებმა ისაუბრეს გაცემულ რეკომენდაციებსა და მათი შესრულების სტატუსებზე.
სპორტის კომიტეტის წევრებისთვის ასევე საინტერესო იყო ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშები და მათში ასახული მიგნებები. აუდიტორებმა წარადგინეს „სპორტული ინფრასტრუქტურის მართვის ეფექტიანობის აუდიტის“ და „მასობრივი სპორტის განვითარების ეფექტიანობის აუდიტის“ ანგარიშები. აუდიტორებმა კომიტეტის წევრების კითხვებს ამომწურავად უპასუხეს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს, აუდიტის ჯგუფთან თანამშრომლობა გაგრძელდეს და საკომიტეტო მოსმენის ფორმატში ყველა თემატური ანგარიში დეტალურად განიხილონ.


