სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე, ნინო ლომჯარია აშშ-ში (მაიამი, ფლორიდის შტატი), საჯარო ფინანსების მართვის საერთაშორისო კონსორციუმის ( ICGFM) სასწავლო კონფერენციაზე წარსდგა მოხსენებით - „ICT-ზე დაფუძნებული მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო ფინანსების ზედამხედველობაში“ და აუდიტორიას სას-ის ინოვაციური ვებლპატფორმა გააცნო. აღსანიშნავია, რომ budgetmonitor.ge კონფერენციის მონაწილეების მიერ შეფასდა, როგორც „სრულიად ახალი და უფრო მაღალი დონე გამჭვირვალობის თვალსაზრისით”.
„ვიღებ სრულიად აღფრთოვანებულ კომენტარებს ორგანიზატორებისა და მონაწილეების მხრიდან, ყველას უკვირს როგორ მოვახერხეთ ამის გაკეთება და როგორ დაგვებადა იდეა. გვიწვევენ თავისთან, რომ გავუზიაროთ გამოცდილება. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში ქვეყნის პრესტიჟია და მე ამაყი ვარ, რომ ჩემს ქვეყანაში, საჯარო სექტორში ისეთი ახალგაზრდები არიან, რომლებმაც თავიანთი ხელებითა და გონებით შექმნეს აღნიშნული პლატფორმა“ - წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.
საჯარო ფინანსების მართვის საერთაშორისო კონსორციუმის ( ICGFM) სასწავლო კონფერენცია 14-19 მაისს იმართება. მისი წლევანდელი თემაა „ძლიერი საჯარო ფინანსების მართვის პრაქტიკის მაკროეკონომიკური უპირატესობები“. ის აერთიანებს ფინანსური სფეროს წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხხვა ქვეყნიდან და ხელს უწყობს ინოვაციებისა და ტენდენციების გაცნობას, ცოდნისა და პრაქტიკის გაზიარებას, საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით ახალი აზროვნებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას.











