სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება 06 ივნისი, 2025
სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს სააღსრულებო პროცესის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2024, 2023, 2022, 2021, 2020

სამართალწარმოების ეფექტიანი განხორციელებისთვის გამართულ სააღსრულებო სისტემას მნიშვნელოვანი როლი აქვს. სამართალწარმოების შედეგად გამოცემული აქტების აღსრულების ვალდებულება დადგენილია როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკით. დარღვეული უფლების დაცვა არ იქნება ქმედითი, თუ სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს აქტი დროულად არ სრულდება, ვინაიდან სასამართლოსადმი მიმართვა შედეგზე ორიენტირებული უფლებაა. გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურება შეიძლება გამართლებულ იქნეს მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებებით. სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, სათანადოდ დაარეგულიროს აღსრულების სფეროში არსებული პრაქტიკა და განახორციელოს შესაბამისი კონტროლი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა აღსრულების ეროვნული ბიუროს სააღსრულებო პროცესის ეფექტიანობა და რეკომენდაციები გასცა. 

სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს:

რეკომენდაცია N1:

სააღსრულებო საქმეების მიმდინარეობაზე ეფექტიანი მონიტორინგის, კერძოდ, აღსრულების პროცესში განხორციელებული ქმედებებისა და შემაფერხებელი გარემოებების გონივრული პერიოდულობით ანალიზის განხორციელების მიზნით, ბიურომ უზრუნველყოს თითოეული მიმდინარე და დასრულებული საქმის მონაცემების გადამოწმება და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, ასევე შეიმუშაოს ფორმა, რომელშიც მოცემული იქნება საქმეებთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია.
 
რეკომენდაცია N2:

ბიურომ იმსჯელოს საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაზე იმ ტიპის სააღსრულებო წარმოებებისთვის, რომლებშიც იძულებითი აღსრულების ღონისძიებები შემოიფარგლება მხოლოდ მოვალესთან კომუნიკაციით. 

რეკომენდაცია N3:

ბიურომ, შეტყობინების ჩაბარების პროცესში რესურსების გონივრული გამოყენების მიზნით, შეიმუშაოს წესი, რომელიც განსაზღვრავს საქმეთა სპეციფიკის მიხედვით შეტყობინების გაგზავნისა და ჩაბარების ფორმებს. 

რეკომენდაცია N4:

ბიურომ, აღსრულების მაღალკვალიფიციურად განხორციელების მიზნით, უზრუნველყოს განგრძობადი განათლების სისტემის დანერგვით, თანამშრომლებისათვის კარგი პრაქტიკით გათვალისწინებულ მოდულებში სავალდებულო სწავლების ჩატარება. 

რეკომენდაცია N5:

ბიურომ, ქონების ყველა სახეობაზე აღსრულების განხორციელების მიზნით, უზრუნველყოს: 
- ავტოტრანსპორტის მოძიების პროცესში ყველა შესაძლო ადმინისტრაციული ორგანოს რესურსის გამოყენება; 
- ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებთან, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლებთან, სათამაშო ბიზნესის სუბიექტებთან ელექტრონული საკომუნიკაციო გზების შემუშავება და მოვალის ქონების მოძიება. 

რეკომენდაცია N6:
    
სააღსრულებო წარმოების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, ბიურომ უზრუნველყოს საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მდგრადი და გამართული ფუნქციონირება, ასევე ტერიტორიულ ბიუროებში საქმეთა განაწილება პროგრამული ალგორითმის გამოყენებით.
    
რეკომენდაცია N7:
    
ბიურომ, ქონების დროული რეალიზაციის მიზნით, უზრუნველყოს დაყადაღებული ნივთის სააღსრულებო საქმესთან დაკავშირება.