სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სსიპ − ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
სტუდენტთა სწავლის გადასახადი
უცხოელი სტუდენტების სწავლის საფასურის გადახდის ნაკლოვანება - უნივერსიტეტმა ვერ უზრუნველყო მედიცინის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა მოზიდვის ხელშეწყობის შესახებ მემორანდუმის ეფექტიანი მართვა, არ იყო დაცული წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის წესი. შედეგად, უცხოელ სტუდენტთა დავალიანება წლების მიხედვით იზრდებოდა და 2019 წლის ბოლოსათვის 1,486,817 აშშ დოლარი შეადგინა. ამასთანავე, უნივერსიტეტში ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტთა მიმართ სტატუსის შეჩერების შესახებ მიღებულია არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებები.
ზედმეტად გადახდილი სამაგისტრო პროგრამების სწავლის საფასური - წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილების მოქმედ რეგულაციებთან შეუსაბამობისა და საკითხის არასათანადო შესწავლის შედეგად, მაგისტრატურის რიგი საგანმანათლებლო პროგრამის 653 სტუდენტმა ზედმეტად გადაიხადა 332,000 ლარი. აღნიშნული თანხა ექვემდებარება სტუდენტებისთვის უკან დაბრუნებას.
სახელმწიფო შესყიდვები
არასათანადოდ დაგეგმილი სახელმწიფო შესყიდვები - უნივერსიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას არასათანადოდაა ჩატარებული ბაზრის კვლევა, რაც წარმოშობს ფინანსური რესურსების არამიზნობრივად ხარჯვისა და საბაზრო ღირებულებასთან შედარებით სამშენებლო სამუშაოების მაღალ ფასად შესყიდვის რისკებს.
სამუშაოთა შესრულების ვადების უსაფუძვლოდ გაგრძელება - უნივერსიტეტში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებში უსაფუძვლოდაა გაზრდილი სამუშაოთა შესრულების ვადები, რაც პროექტების შედგენისა და ხელშეკრულებების მართვის არსებით ხარვეზებზე მიუთითებს და შესაძლოა მიმართული იყოს მიმწოდებლისათვის ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის არანაკლებ 175,029 ლარის პირგასამტეხლოს თავის არიდებისკენ.
შესასრულებელ სამუშაოთა სახეობების და ღირებულებების ცვლილებების ნაკლოვანებები - უნივერსიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში განხორციელებული შესასრულებელ სამუშაოთა ერთეულების ღირებულების უსაფუძვლო ცვლილებებით, სახელშეკრულებო ღირებულება 114,868 ლარით გაიზარდა, რაც განპირობებულია იმით, რომ შემსყიდველის მხრიდან საკითხი არასათანადოდაა შესწავლილი. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობისათვის დახარჯულია 2,884,887 ლარი, ვიზუალური დათვალიერებით გამოვლინდა მნიშვნელოვანი დაზიანებები. შედეგად, შენობის ნორმალური ფუნქციონირებისა და სამუშაოების დასასრულებლად საჭიროა დამატებითი ფინანსური რესურსები.
უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები - უნივერსიტეტში არ არის დანერგილი ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები, რეგულარულად არ ხორციელდება შესყიდული სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგი, რის გამოც არ ხდება ნაკლოვანებების გამოვლენა და მათზე რეაგირება. კერძოდ, უნივერსიტეტის სამი შენობის მშენებლობისათვის ჯამში დახარჯულია 7,270,465 ლარი, თუმცა ვიზუალური დათვალიერებით შეიმჩნევა მნიშვნელოვანი ხარვეზები: მათ შორის, შენობა იტბორება, სახურავიდან ჩამოედინება წყალი, დაზიანებულია კედლები და სხვ. ამასთანავე, 132,182 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება არ შეესაბამება ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მიუხედავად ამისა, თანხები ანაზღაურებულია სრულად. აღნიშნული კი წარმოშობს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად და არაეფექტიანად ხარჯვის რისკებს.
ტრანსპორტის ხარჯი
საწვავის არამიზნობრივად ხარჯვა - უნივერსიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებებსა და სპეციალურ ტექნიკაზე გამოყოფილი საწვავის ხარჯვის პროცესში არსებულმა სუსტმა კონტროლის მექანიზმებმა, ვერ უზრუნველყო საწვავის მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიანი კონტროლი. კერძოდ, არასამივლინებო პერიოდში შესაბამისი დასაბუთების გარეშე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ, უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხულ ავტოტრანსპორტის ავზში, 25 შემთხვევაში, ჩასხმულია 2,333 ლარის ღირებულების საწვავი, ხოლო სპეციალური ტექნიკისათვის გამოყოფილი 2,450 ლარის ღირებულების საწვავის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ იქნა წარმოდგენილი. აღნიშნული წარმოშობს სატრანსპორტო საშუალებების არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენებისა და ჯამში − 4,783 ლარის საწვავის არამიზნობრივად ხარჯვის რისკებს.
ინვენტარიზაცია
ინვენტარიზაციიის ნაკლოვანებები - უნივერსიტეტში არ არის ჩატარებული ბალანსზე რიცხული 44,872,912 ლარის აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია, რაც ზრდის აქტივების დაუცველობასთან დაკავშირებულ რისკებს. ამასთანავე, საბალანსო მონაცემებში დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები უსაფუძვლოდ გაზრდილია 174,651 ლარით, რაც შიდა კონტროლის სისუსტესა და აღრიცხვაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს.