სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ბიუჯეტის დაგეგმვა, შესრულება და ანგარიშგება
საბიუჯეტო გადასახდელების დაგეგმვის პროცესის ნაკლოვანებები - 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში არაფინანსური აქტივების ზრდის ნაწილში ასიგნებების მთლიანმა მოცულობამ შეადგინა 718,000 ლარი, მათ შორის, არასაცხოვრებელი შენობები − 70,000 ლარი, მანქანა-დანადგარები და ინვენტარი − 648,000 ათასი ლარი, რაც 440,000 ლარით ნაკლებია საბიუჯეტო განაცხადის მონაცემთან. ამასთანავე, მანქანა-დანადგარებისა და ინვენტარის შესაძენად დამტკიცებული 648,000 ლარიდან მითითებული მიზნით გამოყენებულია მხოლოდ 32,928 ლარი, ანუ 5.1%. ასიგნების დანარჩენი მოცულობა გადანაწილდა გადასახდელების სხვადასხვა სახეობაში.
აქტივების მართვა-განკარგვა
ავტოპარკის რიცხოვნობის შეუსაბამობა დადგენილ ნორმებთან - საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის N266 დადგენილებით შექმნილ სამთავრობო კომისიაზე მიმართვის განუხორციელებლობისა და შესაბამისი გადაწყვეტილების არარსებობის პირობებში, ცენტრს ბალანსზე ერიცხება 10 ერთეული სპეცდანიშნულების ავტომანქანა.
სხვა უწყების სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა - ცენტრის მხრიდან შესაბამისი ქმედებების განუხორციელებლობის შედეგად, მის სარგებლობაში გადმოცემული ერთ-ერთი ავტომანქანა, შსს-ს მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულია სხვა უწყების სახელზე.
საწვავის ჩამოწერასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები - შესრულებული სამუშაოების აქტებში კონკრეტული თარიღების, მძიმე ტექნიკის მარკის, მოდელისა და სარეგისტრაციო ნომრის მიუთითებლობის გამო, ვერ მივიღეთ დასაბუთებული რწმუნება მძიმე ტექნიკის მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად გახარჯული საწვავის სიზუსტეზე.
სავალდებულო ინვენტარიზაციის განხორციელების ნაკლოვანება - ცენტრში 2022-2023 წლებში არ ჩატარებულა მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია, რაც მიუთითებს საკანონმდებლო მოთხოვნების არაჯეროვან შესრულებაზე.
შრომის ანაზღაურება
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე გაცემული ფულადი ჯილდოები - შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე, 2022-2023 წლებში ფულადი ჯილდოების გაცემა ხორციელდებოდა ზემდგომი თანამდებობის პირების წარდგინებების გარეშე, რაც არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ ნორმას.
დადგენილ ნორმასთან შეუსაბამო სახელფასო კოეფიციენტი - 2022 და 2023 წლებში, ცენტრის ერთ-ერთი პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის პოზიციაზე განსაზღვრული სახელფასო კოეფიციენტი არ შეესაბამებოდა კანონმდებლობით დადგენილ ნორმას.
შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმება საშტატო პოზიციებზე - ზოგიერთ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე პირები დასაქმებული იყვნენ ხანგრძლივი პერიოდით, მათ შორის, სრული ორი წლით და შტატით განსაზღვრულ პოზიციებზე, რაც მიუთითებს მათ დასაქმებაზე ცენტრის მუდმივი ამოცანების და არა დამხმარე ან/და არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად. ამასთანავე, წლების განმავლობაში, საშტატო პოზიციებზე დამატებითი პერსონალის აყვანის მოთხოვნები აგრეთვე მიუთითებს დაწესებულებაში საშტატო ნუსხების განსაზღვრის ნაკლოვანებებზე.
შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა - შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულ ერთ-ერთ პირთან მიმართებით, ვერ იქნა წარმოდგენილი მასზე დაკისრებულ ვალდებულებებთან დაკავშირებული შესაბამისი დასკვნები, რომელთა შედგენა და ცენტრის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა ევალებოდა დასაქმებულს.
სახელმწიფო შესყიდვები
საავანსო გარანტიის წარმოუდგენლობა - ტვირთის გადაზიდვის მომსახურების ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა წინასწარ ანგარიშსწორებას. აღნიშნულის მიუხედავად, ცენტრის მიერ განხორციელდა ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ღირებულების წინასწარი გადახდა და ამასთანავე, მომწოდებელზე მოთხოვნილი არ ყოფილა კანონმდებლობით დადგენილი − წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიის წარმოდგენა;
456,900 ლარის სავარაუდო ღირებულების სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში არ არის მოთხოვნილი ვადაგაგრძელებული საბანკო გარანტიის წარმოდგენა.
394,100 ლარის ღირებულების სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების ვადა გახანგრძლივდა 60 დღით, რასთან დაკავშირებითაც აუდიტის ჯგუფისთვის ვერ იქნა მოწოდებული სამუშაოების შესრულების ვადების გაგრძელებასთან დაკავშირებით შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების შესწავლისა და ობიექტურობის განსაზღვრის დოკუმენტური მტკიცებულებები. ამასთანავე, წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიის მოქმედების პერიოდი არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნას.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დაუდასტურებლობა - ცხოველის საკვების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში არ არის მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურება, რაც მიუთითებს სატენდერო კომისიის არამართლზომიერ ქმედებაზე.
შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოების, მათ შორის, სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის ნაკლოვანებები - 207,000 ლარის ღირებულების ჰიდროპონიკური მოწყობილობების შესყიდვაზე ჩატარებული ორი ტენდერი არ შედგა, მესამე კი შეწყდა შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით შედგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციაში გამოვლენილი მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო, რაც მიუთითებს ცენტრის მხრიდან შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებულ ნაკლოვანებებზე;
ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეცხვით მომსახურების შესყიდვაზე ხელმეორედ გამოცხადებულ ტენდერში, იმის მიუხედავად, რომ შემცირდა მომსახურების მოცულობა, გაიზარდა შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, რაც მიუთითებს შესყიდვის მოსამზადებელი სამუშაოებისა და სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის ნაკლოვანებებზე;
შენობებისა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე ხელმეორედ გამოცხადებულ ტენდერში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება გაზრდილია 20,000 ლარით, რაც ასევე მიუთითებს ანალოგიურ ნაკლოვანებებზე;
ლაბორატორიული ავეჯის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერებში მნიშვნელოვანი განსხვავებები ფიქსირდება, როგორც ბაზრის კვლევით განსაზღვრულ სავარაუდო ღირებულებებში, ისე ტენდერებში მონაწილე პრეტენდენტების შეთავაზებებში. კერძოდ, პირველი ტენდერის სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 550,000 ლარს, მეორესი − 380,000 ლარს. პირველ ტენდერში შეთავაზებული უმცირესი ფასია 277,000 ლარი, უმაღლესი − 377,720 ლარი. მეორე ტენდერში უმცირესი ფასი შეადგენდა 237,800 ლარს, უმაღლესი − 350,000 ლარს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის ნაკლოვანებებზე;
სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებულ ორ ტენდერში სავარაუდო ღირებულებების განმსაზღვრელი ხარჯთაღრიცხვებით, რიგ შემთხვევებში არმატურის ფასი მნიშვნელოვნად აღემატება ა(ა)იპ − მშენებლობის შემფასებელთა კავშირის მიერ გამოქვეყნებულ სამშენებლო რესურსების სახარჯთაღრიცხვო ფასებს. ამასთანავე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და შესყიდვის სავარაუდო ღირებულებები განსხვავდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ მივიღეთ დასაბუთებული რწმუნება სავარაუდო ღირებულებების განსაზღვრის მართლზომიერებაზე.
სატენდერო დოკუმენტაციის შედგენის ნაკლოვანებები და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა - 93,400 ლარის სავარაუდო ღირებულების, სასოფლო-სამეურნეო მომსახურების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერით განსაზღვრული არ ყოფილა შესაბამისი მოთხოვნები, პრეტენდენტთა შესაძლებლობების დადგენის თვალსაზრისით. სპეციფიკურ მომსახურებებთან მიმართებით ასეთი მოთხოვნების განუსაზღვრელობა იძლევა ტენდერებში არაკომპეტენტური პირების მონაწილეობის შესაძლებლობას. მათი გამარჯვების შემთხვევაში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა კი, თავის მხრივ, განაპირობებს შესყიდვების დროში გაჭიანურებას;
62,000 ლარის სავარაუდო ღირებულების, სპეციფიკური მახასიათებლების მქონე შინაური ცხოველების საკვების შესყიდვების პროცესში განსაზღვრული არ იყო, თუ რა დოკუმენტაციის ან/და ვალიდური ინფორმაციის საფუძველზე უნდა დაედასტურებინათ პრეტენდენტებს მათ მიერ შეთავაზებული პროდუქციის შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებით. შედეგად, სატენდერო კომისიის მიერ ვერ განხორციელდებოდა შემოთავაზებული პროდუქციის შესაბამისობის განსაზღვრა დადგენილ პარამეტრებთან მიმართებით.
აღნიშნული ფაქტორების გაუთვალისწინებლობა კი წარმოქმნის, მოთხოვნილ ხარისხთან შეუსაბამო პროდუქციის მიღების შესაძლებლობის რისკებს; 34,500 ლარის სავარაუდო ღირებულების 15 დასახელების მოლეკულური კვლევის რეაგენტების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერით განსაზღვრული პირობებიდან გამომდინარე, გამარჯვებული პირი ექვემდებარებოდა დისკვალიფიკაციას. ამასთანავე, მიზანშეწონილი იყო, რომ პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების მართვის ხარისხთან დაკავშირებული სერტიფიკატის ნაცვლად, ან/და მასთან ერთად, მოთხოვნილი ყოფილიყო მოსაწოდებელი პროდუქციის ხარისხის განმსაზღვრელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს სატენდერო დოკუმენტაციის შედგენის ნაკლოვანებებსა და სატენდერო კომისიის არამართლზომიერ ქმედებაზე;
30,000 ლარის სავარაუდო ღირებულების, შენობებისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობილობების შეკეთებასა და ტექნიკური მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი მიჩნეულია გამარჯვებულად ისე, რომ იგი არ აკმაყოფილებდა ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილ პირობას, რაც მიუთითებს სატენდერო კომისიის არამართლზომიერ ქმედებებზე;
სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების, 10,000 ლარის სავარაუდო ღირებულების ტექნიკურ მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერში, ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის მიუხედავად, პრეტენდენტი მიჩნეულია გამარჯვებულად. ამასთანავე, ვლინდება სატენდერო დოკუმენტაციის შედგენის ხარვეზები. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს სატენდერო კომისიის არამართლზომიერ ქმედებებზე;
სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე, 2023 წელს გამოცხადებული სამი ტენდერის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების ფასები, რიგ იდენტურ მომსახურებაზე, მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. ამასთანავე, ერთ-ერთ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი, შეუსაბამოდ შედგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის მიუხედავად, არ იქნა დისკვალიფიცირებული. აღნიშნული მიუთითებს შესყიდვის სავარაუდო ღირებულებების განსაზღვრის ნაკლოვანებებსა და სატენდერო კომისიის არამართლზომიერ ქმედებაზე;
სხვადასხვა სახის, 380,000 ლარის სავარაუდო ღირებულების, ლაბორატორიული ავეჯის შესყიდვაზე 2023 წელს გამოცხადებული შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაციით არ იყო დადგენილი წინასწარი ანგარიშსწორების პირობები. აღნიშნულის მიუხედავად, ტენდერში გამარჯვებულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრა წინასწარი ანგარიშსწორება, სახელშეკრულებო ღირებულების 100%-ის ოდენობით. მართლზომიერების პრინციპებიდან გამომდინარე კი მიზანშეწონილია, რომ წინასწარ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული პირობები განსაზღვრული იყოს სატენდერო დოკუმენტაციით, რაც პოტენციურ მიმწოდებლებს მისცემს ნათელ წარმოდგენას ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ საკითხზე, რამაც თავის მხრივ შესაძლებელია განაპირობოს კონკურენციის ზრდაც;
მარცვლეულის შესყიდვასთან დაკავშირებით, ცენტრის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ქერის ყუათიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მიუთითებს შესაბამისი კონტროლის მექანიზმების ნაკლოვანებებზე.
ხელშეკრულებებით განსახორციელებელი მომსახურებების მოცულობითი ცვლილებები - სასოფლო-სამეურნეო მომსახურების შესყიდვაზე გაფორმებული ხელშეკრულებების ცვლილებებით, ღირებულებები შემცირდა ისე, რომ არ განსაზღვრულა შემცირებულ სამუშაოთა სახეობები და მოცულობები. ამასთანავე, ვერ იქნა წარმოდგენილი ფაქტობრივად შემცირებულ სამუშაოთა მიზანშეწონილობის დოკუმენტური დადასტურება.
ბაზრის კვლევასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები - ზოგიერთ შესყიდვასთან მიმართებით, ცენტრის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ბაზრის კვლევის დამადასტურებელი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია. შესაბამისად, მოცემულ შესყიდვებთან მიმართებით, ვერ იქნა მიღებული დასაბუთებული რწმუნება, ცენტრის მიერ წინამოსამზადებელი სამუშაოების სათანადო განხორციელებაზე.