სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის 2016 წლის 11 ოქტომბრის N8774/31 გადაწყვეტილების შესაბამისად, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ 2016 წლის 8 სექტემბერის შესაბამისობის აუდიტის N47/36 ანგარიშში შეტანილი ცვლილებით.
ბუნებრივი გაზის მოხმარების ფაქტობრივი მონაცემები არ არის შესაბამისობაში ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ ბუნებრივი გაზის ბალანსების მონაცემებთან.
პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების ფარგლებში, 2012-2014 წლებში მოპოვებულია 34,055,210მ3 მომყოლი გაზი, საიდანაც საოპერაციო მოხმარებისთვის გაიხარჯა 1,498,462მ3, სასაქონლო სახე მიეცა 21,073,880მ3 გაზს, ხოლო დანარჩენი გაფრქვეულია ან/და დამწვარია ჩირაღდანზე.
„ჯახუნდერი-ლალხორი-იფარი-მესტიის“ და „იფარი თეთნულდის“ მიმართულებით, 110 და 35 კვ. ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით ჩატარებული საინჟინრო გეოლოგიური კვლევის მონაცემების საფუძველზე, ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენების განთავსების ზოლში (20.7 კმ), VII კატეგორიის გრუნტის გავრცელება საერთოდ არ დაფიქსირდა. აღნიშნულის მიუხედავად, ხარჯთაღრიცხვასა და შესრულებულად ნაჩვენებ სამუშაოებში ასახულია 248,283მ3 VII კატეგორიის გრუნტისმოჭრა და გადაადგილება, რაც საერთო მოცულობის 68%-ია. VII კატეგორიის გრუნტისმოჭრისა და გადაადგილების სამუშაოების ღირებულებამ 3,911,709 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ VII კატეგორიის გრუნტისმოჭრისა და გადაადგილების სამუშაოების ღირებულება მინიმუმ 3-ჯერ აღემატება ყველა სხვა დანარჩენ კატეგორიის გრუნტებთან დაკაშირებულ სამუშაოების ღირებულებას.
შპს „ნიუ ენერჯიმ“ სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ არ წარუდგინა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 2,222,780 ლარზე, რის გამოც 2012 წელს კორპორაციამ ვერ აინაზღაურა ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ფინანსური ზიანი.
2014 წელს კორპორაციის კუთვნილი ავტომობილების დაზღვევაზე გამოცხადებულ ტენდერში სატენდერო კომისიამ არ მოითხოვა გამარჯვებული პრეტენდენტისგან სატენდერო განაცხადით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მონაცემების წარმოდგენა. კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პრეტენდენტი კანონმდებლობის შესაბამისად დაექვემდებარებოდა დისკვალიფიკაციას.
2012 წელს შპს „სერვისკომთან“ გაფორმებული ხელშეკრულებები მონეტარული ზღვრების გაუთვალისწინებლად განხორციელებულია გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2012-2014 წლებში კორპორაციის მიერ სამაშველო რაზმის დასაფინანსებლად გაწეულია 3,784,339 ლარის ხარჯი. რაზმის ერთ-ერთი ფუნქციაა გაზსადენი სისტემის, ნავთობსადენების და ნავთობის საბადოების პატრულირება და უკანონო მიერთებების აღმოჩენა. აღსანიშნავია, რომ არც ერთი გაზსადენი და ნავთობსადენი კორპორაციის ექსპლუატაციაში არ არის, ამიტომ კორპორაციის მიერ გაწეული ხარჯი არ არის მიზანშეწონილი.
კორპორაციამ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოშვებული 250,000,000 აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციებიდან, 28,500,000 აშშ დოლარი გადაასესხა შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროზე“. გირავნობის ხელშეკრულებით, შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურო“ ვალდებული იყო ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში შეენარჩუნებინა გირავნობის საგნის ღირებულება (85,738,000 ლარი), თუმცა 25,004,426 აშშ დოლარის ოდენობის ქონების გასხვისებით, მნიშვნელოვნად შემცირდა კორპორაციის სასარგებლოდ დატვირთული გირავნობის საგანი.