სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სტაჟირების პროგრამის მონაწილეები სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დასაქმდებიან 28 აპრილი, 2021

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ერთწლიანი სტაჟირების პროგრამის 18 მონაწილე სხვადასხვა აუდიტორულ დეპარტამენტში დასაქმდება. 

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მეორედ განხორციელდა. სტაჟირებისთვის კონკურსის წესით სპეციალურმა კომისიამ 20 ახალგაზრდა შეარჩია. სტაჟირების ხანგრძლივობა 6 თვიდან 12 თვემდე ვადით განისაზღვრა. 

სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებდა საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ მომზადებულ ინტენსიურ სატრენინგო კურსს, რომლის დასრულების შემდეგ აუდიტორ-სტაჟიორები სხვადასხვა აუდიტორულ დეპარტამენტებში გადანაწილდნენ და თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც შეიძინეს. ერთწლიანი სტაჟირების შემდეგ, საუკეთესო შეფასების მქონე ახალგაზრდებს 1 მაისიდან აუდიტორ-ასისტენტის პოზიციაზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცათ.

სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა პროგრამის მონაწილეებს სტაჟირების წარმატებით დასრულება მიულოცა და სტაჟირების პერიოდში ახალგაზრდების მიერ აუდიტორულ პროცედურებში ჩართულობით დაინტერესდა.

გენერალური აუდიტორის განცხადებით, ახალი და მოტივირებული კადრების დამატება ინსტიტუციის გასაძლიერებლად უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და თავად უწყება მუდმივად ზრუნავს მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვასა და მათ განვითარებაზე.

სტაჟირების პროგრამა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მეორედ განხორციელდა. 2019 წლის ბოლოს პროგრამის პირველი ნაკადიდან 15 სტაჟიორი გახდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელი.