სახელმწიფო აუდიტის სამსახური

27 ოქტომბერი, 2016
ტყის მერქნული რესურსის სოციალური გამოყენება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ტყის მერქნული რესურსის სოციალური გამოყენების სისტემა და გამოავლინა რიგი ნაკლოვანებები, რომლებიც უკავშირდება: საშეშე რესურსის დეფიციტზე სამინისტროსა და სააგენტოს არასათანადო რეაგირებას, საჯარო სექტორში რესურსის არარაციონალურ მოხმარებას და რესურსის არაენერგოეფექტურ გამოყენებას.

სოციალური ჭრის ფარგლებში გამოყოფილი რესურსის მოცულობა მოსახლეობისთვის არასაკმარისია და სათბობი შეშის ალტერნატიული წყაროების არარსებობის/სიძვირის გამო, მოსახლეობა მოიხმარს არალეგალური წარმოშობის რესურსს. სათბობი შეშის დეფიციტზე ასევე მიუთითებს უკანონო ჭრების მზარდი ტენდენცია. სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ სოციალურ სექტორში ტყის მდგრადი მართვის მისაღწევად და რეალური ტყითსარგებლობის დასადგენად, საჭიროა არალეგალური რესურსის რეალიზაციის ბაზრის შეზღუდვა და სოციალურ სექტორში შეშის მოხმარების ლეგალური უზრუნველყოფა. შეშაზე რეალური მოთხოვნის ლეგალური დაკმაყოფილების პარალელურად, სამინისტროსა და პასუხისმგებელი საჯარო სექტორის ერთიანი ძალისხმევით, ეტაპობრივად უნდა შემცირდეს მოსახლეობის შეშაზე მოთხოვნა და ტყის საშეშე რესურსზე დამოკიდებულება, რითაც შესაძლებელი გახდება ტყის მდგრადი მართვის ფაქტობრივი მიღწევა.

სათბობი შეშის შემცირების პოტენციალის შესწავლით გამოვლინდა, რომ საჯარო სექტორში არსებობს შეშის მოხმარების შემცირების შესაძლებლობა გაზიფიცირებულ ობიექტებში შეშის ბუნებრივი აირით ჩანაცვლების საშუალებით. ასევე, საჯარო სექტორის მიერ რესურსის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რაც იწვევს შეშის არაეკონომიურ, არაპროდუქტიულ მოხმარებას. დასაბუთების პროცედურების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია საჯარო სექტორში მერქნული რესურსის გამოყენების ოპტიმიზაცია და შედეგად მოხმარებული რესურსის რაოდენობის შემცირება.

დეფიციტის შემცირების კიდევ ერთი გზაა რესურსის ენერგოეფექტური მოხმარება. სატყეო სააგენტოს მიერ რესურსის ძირითადი ნაწილი გამოიყოფა გვიანი ზაფხული - შემოდგომის პერიოდში. შედეგად, შეშა მოხმარების დროს არ არის საკმარისად გამომშრალი და ვერ ხერხდება მისგან მაქსიმალური სარგებლის მიღება. სწორი ათვისების ვადების განსაზღვრით შესაძლებელი გახდება შეშის გამოშრობისთვის საჭირო მინიმალური პერიოდის უზრუნველყოფა.

წინამდებარე ანგარიშში განხილულია აღნიშნული ნაკლოვანებები, მათი გამომწვევი მიზეზები და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.