სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმების ეფექტიანობის აუდიტი, რაც ძირითადად მოიცავს სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2011 წლიდან 2015 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით განხორცილებულ ღონისძიებებს.
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ძირითადი გარე მექანიზმია და ემსახურება ქვეყანაში არსებულ სტანდარტებთან საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ცენტრის მიერ შემუშავებული აკრედიტაციის პროცედურა. ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ნაკლოვანებები პროცესის ყველა ეტაპზე არსებობს, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს უმაღლესი განათლების სისტემის მთავარი მიზნის - მსოფლიოს მუდმივად ცვალებადი მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი კომპეტენტური ინდივიდების მომზადების მიღწევას.
- აკრედიტაციის სტანდარტების დადგენას, წინასწარ განსაზღვრულ და ერთობლივი სახით გამოქვეყნებულ შეფასების კრიტერიუმებთან და შესრულების ინდიკატორებთან ერთად, პროცესის ეფექტიანობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. აუდიტმა გამოავლინა, რომ ზემოაღნიშნულის ერთობლივი სახით არარსებობისას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები არ არიან ვალდებულნი და შედეგად, არ წარმოადგენენ შესაბამის და საკმარის ინფორმაციასა და მტკიცებულებებს თვითშეფასების ანგარიშებისათვის. გარდა ამისა, შესაძლებელია სტანდარტების სხვადასხვა მოთხოვნების ერთი და იმავე კრიტერიუმებით დაკმაყოფილება. შესაბამისად, სტანდარტების ეს მოთხოვნები თავის მიზანს ვერ აღწევენ. ყოველივე ზემოაღნიშნული აფერხებს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის ყველა პროგრამისათვის ერთგვაროვან შეფასებას.
- აკრედიტაციის არსებულ პროცედურაში ძირითადი სამუშაოს ექსპერტები ასრულებენ. მიუხედავად ამისა, ცენტრი ვერ უზრუნველყოფს ექსპერტთა კორპუსის სათანადო გამოყენებას. ექსპერტთა ბაზის არაპროდუქტიული გამოყენება და თითოეულ აკრედიტაციის ვიზიტზე ექსპერტთა რაოდენობისა და ვადების განსაზღვრის რეგულაციების არარსებობა აუდიტის პერიოდში, იწვევდა ექსპერტთა შეუსაბამო და არაერთგვაროვან შერჩევას. აკრედიტაციის ვიზიტების 29%-ში პროგრამის შეფასება არ განხორციელდა შესაბამისი ძირითადი მიმართულების ექსპერტის მიერ. აკრედიტაციის ვიზიტების 17.5%-ში ცენტრმა არ გამოყო საკმარისი რესურსები ვიზიტისას განსახილველი პროგრამების რაოდენობის გათვალისწინებით. ვიზიტების 29%-ში ექსპერტებს საშუალო პერიოდზე (5 დღე) ნაკლები ჰქონდათ სააკრედიტაციო დოკუმენტების შესასწავლად.
- საკითხის შესწავლამ გამოავლინა, რომ ცენტრი იშვიათად იყენებს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციასთან დაკავშირებული პროცედურებისთვის დებულებით დადგენილ 90 დღიან ვადას პროდუქტიულად. რომ თითოეულ სხდომაზე განსახილველი პროგრამების რაოდენობა არ აისახებოდა იმ ვადაზე, რაც საბჭოს წევრებს აქვთ გამოყოფილი საგანმანათლებლო პროგრამის სააკრედიტაციო დოკუმენტებისა და ექსპერტთა დასკვნების შესასწავლად. გარდა ამისა, ექსპერტთა ჯგუფების უსდ–ებში ვიზიტების ბრძანებებისა და ვიზიტის თარიღების შესწავლამ ცხადყო, რომ შემთხვევათა 41%–ში ვიზიტამდე მოსამზადებელი დრო და/ან ექსპერტების რაოდენობა არ იყო შესაფასებელი პროგრამების რაოდენობის პროპორციული.
- აგრეთვე, ცენტრს არ აქვს დანერგილი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის აკრედიტაციის მინიჭების შემდგომი რეაგირების მექანიზმი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის მოთხოვნილ დონეზე შენარჩუნება. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 2011 წლიდან, ყოველწლიური თვითშეფასების ანგარიშის საფუძველზე არ განხორციელებულა არცერთი მონიტორინგის ვიზიტი.ქ
აუდიტის სამსახურმა გასცა რეკომენდაციები, რომლებიც არსებული ნაკლოვანებების შემცირებისა და სისტემის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.