სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა განათლების მისაღები ხარისხის მისაღწევად საჭირო წინაპირობების ეფექტიანობის აუდიტი, რაც მოიცავდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასებას. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ნაკლოვანებები და ხარვეზები.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოვლინა, რომ შერჩეულ სამ უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებაში კურსდამთავრებულთა 64%-მა სწავლა საშუალოზე დაბალი აკადემიური მოსწრების მაჩვენებლით დაასრულა. საშუალოზე დაბალია ასევე შერჩეული აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტების შეფასებათა 67%-ი. ამასთანავე, აუდიტის ჯგუფის მიერ განხორციელებული დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ შერჩეულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ლექცია/სემინარებზე დასწრების საერთო მაჩვენებელი მხოლოდ 15% იყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ის წინაპირობები, რომლებიც სტუდენტს საგანმანათლებლო პროგრამით დასახული სწავლების შედეგებისა და მაღალი აკადემიური მოსწრების მიღწევის მოტივაციას უნდა უქმნიდეს. კერძოდ, აუდიტის შესწავლის საგანი იყო სახელმწიფო სასწავლო დაფინანსების სისტემა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტებისთვის შეთავაზებული დახმარების სერვისები და საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის ღონისძიებები.