საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ისეთი საგანმანათლებლო სისტემის შექმნა, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, უზრუნველყოფს მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, განათლებისა და მეცნიერების კავშირის გაძლიერებას. ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის ერთ-ერთ საკვანძო საკითხს სკოლაში ძალადობისგან თავისუფალი, უსაფრთხო და პოზიტიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა წარმოადგენს. უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს მისაღწევად, ფიზიკური გარემოს უზრუნველყოფის გარდა, განსაკუთრებული როლი ენიჭება მოსწავლეთა ცნობიერებას − საკუთარი უფლებების შესახებ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს ეფექტიანობის აუდიტი თუ რამდენად უზრუნველყოფილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთათვის უსაფრთხო ფიზიკური და ფსიქოლოგიური გარემო და ასევე, რამდენად ეფექტიანია სამინისტროს მიერ ცნობიერების ამაღლების კუთხით გატარებული ღონისძიებები. აუდიტის შედეგად გამოვლინდა ის ნაკლოვანებები, რომლებიც გავლენას ახდენს სისტემის პროდუქტიულობასა და ეფექტიანობაზე, კერძოდ:
2018 წლის მონაცემებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხოლოდ 21%-ია უზრუნველყოფილი მანდატურით. სკოლების 44% აღჭურვილია ვიდეოკამერებით და აღნიშნული სკოლები ასევე უზრუნველყოფილია მანდატურით. ამავე დროს, ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდება 1,161 (50%) სკოლა, სადაც არ არის მანდატური, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი და ვიდეოკამერები;
ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებით არ არის უზრუნველყოფილი ყველა რეგიონი, რაც აფერხებს აღნიშნულ სერვისზე ხელმისაწვდომობას. ამასთანავე, ცენტრებში დასაქმებული პერსონალის რაოდენობა არ შეესაბამება მათ დატვირთვას, კერძოდ, არ შეესაბამება ცენტრში დაფიქსირებულ მიმართვიანობას;
მონაცემთა ბაზა, რომელსაც ფლობს მანდატურის სამსახური, არ მოიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის მიერ მოსწავლისთვის ჩატარებული კონსულტაციების რაოდენობა და თარიღები, შემთხვევის დასრულების პერიოდი და მიღწეული შედეგები. შესაბამისად, შეუძლებელია მონაცემების სრულად დამუშავება და ანალიზი შედეგების შესაფასებლად, აგრეთვე განსახორციელებელი ღონისძიებების დასაგეგმად;
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა ფარავს უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო განათლების საკითხებს, რომლებიც ისწავლება მე-3 კლასიდან სხვადასხვა საგნობრივ ჭრილში, ერთი და იმავე საგნის სხვადასხვა გამოცემის სახელმძღვანელოში განსხვავებული მოცულობით არის განხილული ისეთი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, ბავშვის უფლებების კონვენცია, მოსწავლის უფლებები და ა.შ. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, VII კლასამდე არ მიეწოდებათ მოსწავლეებს ინფორმაცია ბულინგის შესახებ;
სამინისტროს მიერ მოსწავლეთა და მშობელთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით არაფორმალური განათლების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები არ არის საკმარისად ეფექტიანი და არ არის შეფასებული მიღწეული შედეგები;
მასწავლებელთა ტრენინგი უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე არის ნებაყოფლობითი და მასწავლებლებს არ აქვთ მისი გავლის ვალდებულება, შესაბამისად, გადამზადებულია მასწავლებელთა მხოლოდ 13%.