აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ფინანსური აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის ბალანსის მონაცემები ფინანსური აქტივებისა და მოთხოვნების შესახებ, ორგანიზაციის რეალურ ფინანსურ მდგომარეობასთან შედარებით, არანაკლებ 1,460.6 ათასი ლარით არის გაზრდილი. ამასთან, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის ბალანსის მონაცემები არაფინანსური აქტივების ნაშთის შესახებ შეუსაბამოა ორგანიზაციის ფინანსურ მდგომარეობასთან;
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის ბალანსის მონაცემები სხვა მოკლევადიანი დავალიანებების შესახებ, ორგანიზაციის რეალურ ფინანსურ მდგომარეობასთან შედარებით, არანაკლებ 30.4 ათასი ლარით არის გაზრდილი;
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის ბალანსის თანახმად, ძირითადი კაპიტალის მოხმარების ფაქტობრივი ხარჯი, 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შეადგენს 12,379.8 ათას ლარს. აუდიტორული პროცედურების შედეგად დგინდება, რომ ძირითადი კაპიტალის მოხმარების ხარჯში ასახულია იმ ძირითად აქტივებზე დარიცხული ცვეთაც, რომელიც მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით, არ ექვემდებარებოდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე აღრიცხვას. აგრეთვე, რიგ დასრულებულ და ექსპლუატაციაში მყოფ ძირითად აქტივებს არ ერიცხება ცვეთა, რაც ხელოვნურად ზრდის მათ ღირებულებებს და შესაბამისად, ამცირებს ძირითადი კაპიტალის მოხმარების ფაქტობრივ ხარჯს;
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის ბალანსის თანახმად, ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ფაქტობრივმა ხარჯმა შეადგინა 211.9 ათასი ლარი. წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ აღნიშნული ხარჯიდან 45.6 ათასი ლარის ღირებულების 28,431 ლიტრი ბენზინი/ დიზელის საწვავი გახარჯულია 28 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც არ ირიცხება მერიის ბალანსზე და იმყოფებოდა მერიის საჯარო მოსამსახურეების მფლობელობაში. აუდიტის ობიექტის უფლებამოსილი პირის განმარტებით, საწვავის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დადასტურება შეუძლებელია;
2015 წელს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ქონებიდან განხორციელებული იქნა მხოლოდ ადმინისტრაციული დანიშნულების მოძრავი ქონების ინვენტარიზაცია, რითაც დარღვეული იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის N605 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი და მე-4 მუხლი.
აუდიტის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.