სახელმწიფო აუდიტის სამსახური

26 ოქტომბერი, 2016
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის პროგრამა „განათლების, კულტურის, სასპორტო და დასვენების ობიექტების რეაბილიტაცია“

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2015 წლის პროგრამის - „განათლების, კულტურის, სასპორტო და დასვენების ობიექტების რეაბილიტაციის“ შესაბამისობის აუდიტი,  აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:

  • ქ. ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, ბენზინგასამართი სადგურის „სოკარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დიდი ზომის სპორტული მოედნის მოწყობითი სამუშაოების შესყიდვის შესახებ, აუდიტის პერიოდში წარმოდგენილი   დოკუმენტაციის შესაბამისად, ვერ დასტურდება სატენდერო მოთხოვნებთან შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის მდგომარეობა;
  • ქ. ბათუმში, ვაჟა-ფშაველასა და ბესიკის ქუჩების კვეთაში, მინი სპორტული მოედნის მოწყობითი სამუშაოების შესყიდვისას, ადგილი ჰქონდა პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებასთან მიმართებით არაერთგვაროვან მიდგომას;
  • „განათლების, კულტურის, სასპორტო და დასვენების ობიექტების რეაბილიტაციის“ პროგრამის ფარგლებში, მერიის მიერ შექმნილი კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს შესრულებულ სამუშაოთა აქტების (ფორმა N2) რეალობას და შესაბამისად, ნაკლებად ეფექტურია საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად ხარჯვის უზრუნველყოფის კუთხით;
  • „განათლების, კულტურის, სასპორტო და დასვენების ობიექტების რეაბილიტაციის“ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული რიგი ხელშეკრულებების შესრულების შესახებ არასრულყოფილი საექსპერტო დასკვნების წარმოდგენის პირობებში, შემსყიდველის მიერ მიმწოდებელზე გადახდილია 852 653  ლარი.

გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადდა აუდიტის ანგარიში და გაცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.