სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის პროგრამის − „მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება“ ფარგლებში 2020-2021 წლებში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ფინანსური რესურსების მართვა
ფინანსური რესურსების მართვაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტს 2020-2021 წლებში აუთვისებელი დარჩა ჯამური ბიუჯეტის 14,8%, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა-განხორციელების ხარვეზებსა და საბიუჯეტო რესურსების მართვაში არსებულ ნაკლოვანებებზე მიუთითებს. ამასთანავე, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ 30-წლიანი ვადით და სარეკლამო სივრცის სრულ მოცულობაზე უფლების გადაცემა წარმოშობს რისკს, რომ გრძელვადიან პერიოდში დაიკარგოს დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობა.
შესყიდვები
მშენებლობა-რეაბილიტაციაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებულმა კონტროლის სისტემამ რიგ შემთხვევებში ვერ უზრუნველყო ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე არსებული ხარვეზების გამოვლენა, ექსპერტიზის დასკვნაში ასახული კვლევის შედეგების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის შეფასება და აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად განხორციელება.
საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისათვის 77 შემთხვევაში, შემსყიდველის მიერ პროექტის მიმწოდებელზე ბიუჯეტიდან გადახდილია ხელშეკრულებით გათვალისწინებული 265,401 ლარი, თუმცა მიღებულია ხარვეზებით შედგენილი პროექტები და რიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დადგენილ ვადებში ვერ იქნა განხორციელებული.
სახელშეკრულებო პირობების დაუსაბუთებელი ცვლილებები და ხარვეზებით შესრულებული სამუშაოები - ქალაქ ბათუმში, გოგოლის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობები დაუსაბუთებლად არის შეცვლილი, ხოლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტში შეტანილი ცვლილებები შეუსაბამოა ექსპერტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან.
გარე განათების მომსახურებაში არსებული ხარვეზები - გარე განათების მომსახურების შესყიდვის დროს სატენდერო დოკუმენტაციაში არ არის მითითებული წერტილების ჩართვა-გამორთვის რეგულირება და განათების ჩართვა-გამორთვის გრაფიკი. ბაზრის სრულყოფილი კვლევის გარეშე, დაუსაბუთებლად არის მიღებული გარე განათების წერტილების მომსახურების და მოწყობის სავარაუდო ფასი. ამასთანავე, პირველად სააღრიცხვო დოკუმენტებში, რომელიც გახდა ანაზღაურების საფუძველი, რიგ შემთხვევებში არ იდენტიფიცირდება მომსახურებასთან დაკავშირებული პარამეტრები.
არაერთგვაროვანი მიდგომით განხორციელებული შესყიდვა - ქალაქ ბათუმში, ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი ელექტრონული ლიფტების მონტაჟის სამუშაოების შესყიდვის პროცესში გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა, არაერთგვაროვანი მიდგომით არის განხორციელებული.
დაუდასტურებლად ანაზღაურებული ხარჯები - ქუჩების რემონტისათვის გათვალისწინებული სამშენებლო მასალების შესყიდვის, გადაზიდვის, უვარგისი გრუნტის დამუშავების და გატანის, ასევე სამუშაოს ფაქტობრივად შესრულების პერიოდის დამადასტურებელი მტკიცებულებების გარეშე, გადახდილია სამუშაოების ღირებულება.