სახელმწიფო აუდიტის სამსახური

14 დეკემბერი, 2016
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტის ანგარიში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი. ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლინდა არსებითი ხასიათის დარღვევა-ნაკლოვანებები, რის გამოც გაიცა პირობითი აუდიტორული დასკვნა, კერძოდ:

წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2014-2015 წელს მოქმედი ხელშეკრულებების მიხედვით, მისაღები შემოსავლები  იჯარიდან არის 734.3 ათასი ლარი.  მუნიციპალიტეტს აღნიშნული შემოსავლი არც მიუღია და არც აღურიცხავს.

დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის სახით 2014-2015 წლებში მიუღებელია 1 237.0 ათასი ლარი. თანხა, როგორც მუნიციპალიტეტის კუთვნილი შემოსავლები, არ არის აღრიცხული და წარმოდგენილი ფინანსურ ანგარიშგებაში.

მუნიციპალიტეტმა  წლის მანძილზე განახორციელა 427.7 ათასი ლარის საგზაო სამუშაოები. ოპერაცია ნაცვლად აქტივისა, წარმოდგენილია ხარჯებში, კერძოდ „სუბსიდიის“  მუხლში.

მუნიციპალიტეტმა 2014 წელს შეისყიდა 105.6 ათასი ლარის საპროექტო მომსახურება, ასევე, 2015 წელს 130.6 ათასი ლარის სამუშაოები, რომელთა საშუალებით შეიქმნა ძირითადი ქონება. აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილია ხარჯების სხვადასხვა მუხლში, ნაცვლად აქტივების შესაბამისი მუხლისა.

წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2014 წელს მუნიციპალიტეტი ფლობდა 400.0 ათას  კვ.მ-ზე მეტ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, ხოლო 2015 წელს 470.0 ათას კვ.მ-ზე მეტს.  არაწარმოებული აქტივები კლასიფიცირდება გრძელვადიან არაფინანსურ აქტივებად და აღირიცხება „არაწარმოებული აქტივის“ ანგარიშზე, რაც მუნიციპალიტეტს არ განუხორციელებია.

მუნიციპალიტეტის მიერ სარგებლობის უფლებით გაცემული ქონებიდან მოიჯარეების მიერ წინასწარ გადახდილმა საიჯარო ქირამ 2015 წლის 1 იანვრისათვის შეადგინა 10.1 ათასი ლარი, ხოლო 2016 წლის 1 იანვრისათვის 93.6 ათასი ლარი. წინასწარ მიღებული თანხა არ არის აღრიცხული და ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი

2014 წელს მუნიციპალიტეტის ბალანსის დანართი ფორმა №2-ის „თანამდებობრივი სარგოს“ მუხლი, გარდა ხელფასებისა, მოიცავს პრემიას - 503.3 ათას ლარს და დანამატს  -3.9 ათას ლარს. საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, პრემიის და დანამატის სახით გაცემული თანხები უნდა კლასიფიცირდეს შესაბამის მუხლებში.

2014-2015 წლებში მუნიციპალიტეტმა შეიძინა 9 786.8 ათასი ლარის სხვადასხვა მომსახურება/სამუშაოები. აღნიშნული წარმოდგენილია „სუბსიდიის“ მუხლში, ნაცვლად „საქონლისა და მომსახურების“ შესაბამისი მუხლებისა.

პროგრამა „კორპუსის“ ფარგლებში, ამხანაგობების თანადაფინანსებით, მერიამ 2014-2015 წლებში შეისყიდა 3 613.6 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები. საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, საოჯახო მეურნეობებზე გაცემული ფულადი/სასაქონლო ფორმის კაპიტალური ტრანსფერი მიეკუთვნება „სხვადასხვა კაპიტალური ხარჯების“ მუხლს. ფინანსურ ანგარიშგებაში,  ოპერაცია არასწორად არის წარმოდგენილი „სუბსიდიის“  მუხლში.

მუნიციპალიტეტის სამსახურების ინფორმაციით, 2014-2015 წლებში გაყიდულია  1 467.9 ათასი ლარის საწყისი ღირებულების შენობა-ნაგებობები და 2 169.8 ათასი ლარის არაწარმოებული აქტივები. არაფინანსური აქტივების მოძრაობა არ არის ასახული ფინანსურ ანგარიშგებაში. აქტივების გაყიდვით მიღებულმა ნამეტმა თანხამ შეადგინა 717.8 ათასი ლარი, რომელიც წარმოდგენილი არ არის ბალანსში და ბალანსის დანართ ფორმა 3-ში.