სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა USAID-ის მხარდაჭერით მუნიციპალიტეტებისთვის ახალი პროექტი დაიწყო 20 მარტი, 2024

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ახალი პროექტი - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და მუნიციპალიტეტების თანამშრომლობა საჯარო მმართველობის გაუმჯობესებისთვის“ დაიწყო.  

პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრების ფარგლებში განიხილონ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების ძირითადი შედეგები და გაცემული რეკომენდაციები, ამ რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესი და ელექტრონული სისტემის პრაქტიკაში გამოყენების საკითხები, ასევე საკრებულოს და მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის როლის გაძლიერება საჯარო ფინანსების მართვის ზედამხედველობის პროცესში. 

დაგეგმილი შეხვედრების ციკლის რიგით პირველი შეხვედრა ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გაიმართა. შეხვედრას 7 მუნიციპალიტეტის 50-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. 

შეხვედრა გენერალური აუდიტორის მოადგილემ ზაზა შეყილაძემ გახსნა, რომელმაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და მუნიციპალიტეტების თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ერთობლივი მუშაობის აუცილებლობაზე ისაუბრა.  

შეხვედრის მონაწილეებს აუდიტების ძირითადი შედეგები და რეკომენდაციები თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მამრიკიშვილმა წარუდგინა; რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული პლატფორმა (ARIS.SAO.GE) მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსმა ცოტნე ქარქაშაძემ გააცნო. საკრებულოსა და შიდა აუდიტის როლზე საჯარო ფინანსების მართვის ზედამხედველობის პროცესში ისაუბრეს თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მამრიკიშვილმა და ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა გიული ჭკუასელმა. 

მუნიციპალიტეტების საჭიროებებზე მორგებული პროფესიული განვითარების ტრენინგპროგრამების შესახებ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სერტიფიცირებისა და ტრენინგების სამსახურის უფროსმა თინათინ სიყმაშვილმა. 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტებისა და მერიების წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს, ასევე იმსჯელეს აქტუალური საკითხების ერთობლივი გადაჭრის გზებზე.