სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ქურთის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი. ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლინდა არსებითი ხასიათის დარღვევა-ნაკლოვანებები, რის გამოც გაიცა პირობითი აუდიტორული დასკვნა, კერძოდ:
მუნიციპალიტეტის მიერ 2013 წელს ფინანსური ოპერაციების აღრიცხვის მიზნით, სინთეზური და ანალიზური აღრიცხვის დოკუმენტები - მემორიალური ორდერები, ბრუნვათა უწყისები და „მთავარი წიგნი“,ნაწარმოები არ არის. ფინანსურ ანგარიშგებაში შემოსავლები შეტანილია ბანკიდან მიღებული მონაცემებიდან, ხოლო ფაქტობრივად გაწეული ხარჯები - ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან, ძირითადი ქონების ნაშთები აღებულია ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებიდან.
მთავრობის 2012 წელს განკარგულებით, მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცა ქალაქ გორში, გრიგოლ ფერაძის ქუჩის №5-ში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში 1635.2 კვ.მ ფართობი, მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით. 2013 წლის 21 აგვისტოს მუნიციპალიტეტმა მიატოვა აღნიშნული ქონება და ის კვლავ დაუბრუნდა სახელმწიფოს. მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფოდან მასზე გადაცემული ქონება, ადმინისტრაციული შენობის ნაწილი, გაფასებული, ძირითად ქონებაში აღრიცხული და ფინანსურ ანარიშგებაში ნაჩვენები არ არის.
მუნიციპალიტეტმა სააუდიტო პერიოდში დევნილთა დასახლებაში გადახურა სახლების სახურავები, აგრეთვე შეიძინა წყლის ტუმბოები და სხვადასხვა პროექტები, ღირებულებით - 34.0 ათასი ლარი. აღნიშნული თანხები ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულია „სხვადასხვა ხარჯების“ მუხლში. მუნიციპალიტეტს უნდა მოეხდინა შესრულებული სამუშაოების, ქონებისა და პროექტების არაფინანსურ აქტივად აღიარება და შემდეგში მათი გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილია ინვენტარი, ავეჯი, სხვადასხვა ტექნიკა (კომპიუტერი, მობილური ტელეფონი), სულ ღირებულებით 9.0 ათასი ლარი, რომელიც ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულია „ოფისის ხარჯების“ მუხლში (საკასო ხარჯი), ხოლო ქონება აღებულია შემოსავალში, როგორც ძირითადი აქტივი. აღნიშნული ქონების შეძენა წარმოადგენს არაფინანსური აქტივის ზრდის ოპერაციებს და ეს ხარჯი უნდა გაწეულიყო „არფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით.
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მსუბუქი ავტომანქანების დაზღვევის თანხები 4.8 ათასი ლარი, ასახულია „ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯების“ მუხლში, მაშინ როდესაც ის მიეკუთნება „სხვადასხვა მიმდინარე ხარჯებს“.
სხვადასხვა ღონისძიებებზე მოსახლეობის გადაყვანისათვის ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები - 6.1 ათასი ლარი, „ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯების“ მუხლის ნაცვლად ასახულია „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება“ მუხლში.
ბანკისათვის გადახდილი მომსახურების თანხა - 2.2 ათასი ლარი აღრიცხულია „პროცენტის“ მუხლში, მაშინ როდესაც იგი მიეკუთნება მუხლს - „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება“.
2014 წელს მუნიციპალიტეტის მიერ თანამშრომლებისათვის ანაზღაურებული საავადმყოფო ფურცლის თანხები - 7.4 ათასი ლარი გაცემულია „ხელფასების“ მუხლიდან, მაშინ როდესაც იგი მეკუთნება „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლს.