სახელმწიფო აუდიტის სამსახური

15 დეკემბერი, 2016
ქ. თბილისის მერიის 2014-2015 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტის მნიშვნელოვანი შედეგები
    • ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2014-2015 წლებში ქ. თბილისის მერიის გადასახდელებმა შეადგენა 1 268 925.5 ათასი ლარი. აუდიტის ობიექტის მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგება მოიცავს მხოლოდ  988 300.7 ათასი ლარის გადასახდელებს. აღნიშნული გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მერიის ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის აღრიცხული თბილისის რაიონის გამგეობებში განხორციელებულ ფინანსური ოპერაციები.

    • 2014-2015 წლებში მერიის მიერ პრივატიზებულია 6 მიწის ნაკვეთი, საბალანსო ღირებულებით - 2 590.5 ათასი ლარი. ფინანსური ანგარიშგების „არაწარმოებული აქტივების“ მუხლში აღნიშნული ოპერცია ასახული არ არის და ეს მიწის ნაკვეთები ირიცხება მერიის ბალანსზე.
    • 2015 წელს ჩატარებული მატერიალურ-ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგად, გამოვლინდა 1467 ნივთის დანაკლისი, თანხით 3 241.9 ათასი ლარი, ხოლო ზედმეტობამ შეადგინა 1011 ნივთი, რომლის ღირებულება განსაზღრული არ არის. გამოვლენილი ქონების დანაკლისებზე მერიამ არ განახორციელა სამართლებრივი შეფასება და არ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები.
    • ინვენტარიზაციამ არ მოიცვა საბუღალტრო ანგარიშებში, მერიის სამსახურებზე (მათ შორის გაუქმებულზე), რიცხული მატერიალურ-ფასეულობათა ნაშთები, რომელთა წარმოშობა და რეალობა ვერ დგინდება:
  • მერიის ადმინისტრაციისა და კეთილმოწყობის სამსახურებს „ნედლეული და მასალების“ ანგარიშზე ერიცხება 544.7 ათასი ლარის ღირებულების: ელექტრო სანათები 2030 ცალი და საბავშვო საქანელები 224 ცალი.
  • მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურს „სხვა მატერიალური მარაგების“ ანგარიშზე ერიცხება 531.8 ათას ლარის ღირებულების: ფლეშმეხსიერებები, მაისურები და სხვა საქონელი.
  • მერიის საქალაქო დასუფთავების სამსახურს„სხვა მატერიალური მარაგების“ ანგარიშზე ერიცხება 2009-2010 წლებში შეძენილი 2597 ტონა ტექნიკური მარილი, ღირებულებით 634.4 ათასი ლარი. ტექნიკური მარილის ფიზიკური არსებობა მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ ვერ იქნა დადასტურებული.
  • „გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივების“ მუხლის ნაშთები მოიცავს ლიკვიდირებული ან რეორგანიზაციის შედეგად შეცვლილ სამსახურებზე რიცხულ ქონებას, საერთო ღირებულებით - 392.9 ათასი ლარი.  ვერ დადგინდა აქტივების წარმოშობის თარიღი  და ფიზიკური არსებობა.
  • ანგარიშგების „სხვა ნაგებობების“ მუხლში აღრიცხულია აქტივი სახელწოდებით „დაუმთავრებელი ობიექტები“, ღირებულებით - 1384.9 ათასი ლარი. მერიის საფინანსო სამსახურმა ვერ დაასაბუთა აღნიშნული ობიექტების ფაქტობრივი არსებობა და წარმოშობის თარიღი.
  • ანგარიშგებაში „დაუმთავრებელი ძირითადი აქტივების“ ანგარიშზე აღრიცხულია 225 ობიექტი, ღირებულებით 5647.8 ათასი ლარი. უცნობია „დაუმთავრებელი ძირითადი აქტივების“ მუხლში აღრიცხული ობიექტების მშენებლობის დაწყების თარიღი და მათი ფაქტობრივი მდგომარეობა.
  • წარმოდგენილი დოკუმენტებით, ირკვევა, რომ ანგარიშგებაში „არაწარმოებული აქტივების“ ანგარიშზე აღრიცხულია 2012-2013 წლებში პრივატიზებული 14 მიწის ნაკვეთი, საერთო ღირებულებით - 2 900.6 ათასი ლარი.

ქ. თბილისის მერიის 2014-2015 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტის შედეგად გამოვლენილი კანონშეუსაბამობებისა და ფინანსური დარღვევების გამო  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაიცა პირობითი დასკვნა.