სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ბიუჯეტის შესრულება
ფინანსური რესურსების მართვაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო გადასახდელების, მათ შორის, „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება. აღნიშნული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2021-2022 წლებში, შესაბამისად, 16% და 51% დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.
შესყიდვების მართვა
გამარტივებული წესით სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ხარვეზები - გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას, მუნიციპალიტეტმა 324.9 ათასი ლარის ღირებულების ობიექტები ჩაიბარა და ანგარიშსწორება განახორციელა ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და წარმოშობს თანხების ზედმეტად ანაზღაურების რისკს.
საჯარიმო სანქციების ადმინისტრირების ხარვეზები - სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების ადმინისტრირების პროცესში მერიამ საჯარიმო სანქციების დარიცხვის დროს არ გაითვალისწინა სახელშეკრულებო პირობები და მიმწოდებლებზე გაავრცელა 32.1 ათასი ლარით ნაკლები საჯარიმო სანქცია.
სატენდერო კომისიის საქმიანობის ხარვეზები - სატენდერო პროცედურების არასათანადოდ წარმართვის გამო, მუნიციპალიტეტმა დაკარგა ინფრასტრუქტურული პროექტის დროულად განხორციელებისა და შესაძლო სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტში არ არის დანერგილი სათანადო კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უხარისხოდ შესრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გამოვლენასა და მათზე სათანადო რეაგირებას. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზები მნიშვნელოვნად ზრდიდა ინფრასტრუქტურული პროექტების მიწოდების ვადებს და აუარესებდა შემსყიდველი ორგანიზაციის პირობებს.
ინფრასტრუქტურული პროექტის არასათანადო დაგეგმვა - ინფრასტრუქტურული პროექტების არასათანადო დაგეგმვის გამო, მერიამ ვერ უზრუნველყო შესყიდვის რაციონალურად განხორციელება. კერძოდ, 171.2 ათასი ლარი დახარჯა ისეთი სამუშაოების შესყიდვაზე, რომელთა დემონტაჟი დროის მოკლე პერიოდში განხორციელდა.
წინასწარი ანგარიშსწორების ხარვეზები - ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესყიდვების დროს წინასწარი ანგარიშსწორება განხორციელებულია ხარვეზებით. კერძოდ, რიგ შემთხვევებში ავანსის მოცულობა გაზრდილია სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი ნორმების შეუსაბამოდ. ასევე თანხები გაცემულია ისეთ პერიოდში, როდესაც მიმწოდებლები ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების წარმოების მიზნით, სავარაუდოდ, ვერ გამოიყენებდნენ.
ქონების მართვა და განკარგვა
ქონების მართვის ხარვეზები - ქონებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არაოპტიმალურია. ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის პროცესში არ არის გამოყენებული ელექტრონული აუქციონისა და გაფორმებულ ხელშეკრულებებში საიჯარო ფასის გადახედვის შესაძლებლობა. ასევე რეაგირების გარეშეა დარჩენილი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მუნიციპალიტეტის ქონებით სარგებლობის შემთხვევა. შედეგად, ადგილობრივი ბიუჯეტი კარგავს დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.
ჩაუტარებელი ინვენტარიზაცია - მუნიციპალიტეტში კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება
საწვავის ხარჯვის ხარვეზები - საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს. შედეგად, საწვავი გამოყენებულია არაავტორიზებულ ავტომანქანებზე, ასევე მოხელეების შვებულებაში ყოფნის დროს და კონკრეტული მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ, რაც წარმოშობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს.
ორგანიზაციული და პერსონალის მართვა
დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების ხარვეზები - მუნიციპალიტეტს არ გააჩნია დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა სათანადო ბაზა და მერია ვერ უზრუნველყოფს საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული დასუფთავების მოსაკრებლის სათანადოდ ადმინისტრირებას. შედეგად, მუნიციპალიტეტი სრულად ვერ იღებს დასუფთავების მოსაკრებელს, რაც უარყოფითად აისახება ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებზე.
მიუღებელი შემოსავლები - 2021-2022 წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტი დროებით თავისუფალი ფინანსური რესურსის განსათავსებლად არ სარგებლობდა საბანკო დაწესებულების მიმდინარე ან/და სადეპოზიტო ანგარიშით. შედეგად, ადგილობრივმა ბიუჯეტმა დაკარგა დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობა.
ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა - ორგანიზაციული საკითხების არასათანადოდ გადაწყვეტის გამო, მუნიციპალიტეტმა არ შეასრულა სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული ფინანსური ვალდებულებები, რის გამოც პირგასამტეხლოს სახით ბიუჯეტიდან დამატებით დახარჯა 5.1 ათასი ლარი.
საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი ხარჯვა - 2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არაავთენტური დოკუმენტაციის საფუძველზე თანხები სისტემატურად ირიცხებოდა კონკრეტული ფიზიკური პირისა და მისი ოჯახის წევრის ანგარიშებზე. შედეგად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 190.6 ათასი ლარი არამართლზომიერად დაიხარჯა. მუნიციპალიტეტის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო ფაქტის გამოვლენა და თავიდან აცილება, რაც მის არასათანადო ფუნქციონირებასა და ფორმალურ ხასიათზე მიანიშნებს.