სახელმწიფო აუდიტის სამსახური

19 მაისი, 2015
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლების ფინანსური ანგარიშგების - ფინანსური აუდიტის ანგარიში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი. ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლინდა არსებითი ხასიათის დარღვევა-ნაკლოვანებები, რის გამოც გაიცა პირობითი აუდიტორული დასკვნა, კერძოდ:

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალიტეტს 2013 წლის ბოლოსათვის ერიცხება დებიტორული დავალიანება საქონლისა და მომსახურების მიღებაზე, თანხით 6.0 ათასი ლარი, ხოლო 2014 წლის ბოლოსათვის 5.2 ათასი ლარი. აღნიშნული წარმოდგენილია არასწორად „სხვა გრძელვადიანი ფინანსური აქტივების“ მუხლში.

2013 წელს ფაქტობრივად მიღებულია  სამუშაო - საკანალიზაციო ჭები, ღირებულებით 10.1 ათასი ლარი, მაგრამ მიმწოდებლის მიერ არ არის წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი.  ასევე, მიმწოდებლისთვის ავანსის სახით გადარიცხულია 114.0 ათასი ლარი. აღნიშნული დებიტორული დავალიანება წარმოდგენილია არასწორად 123.4 ათასი ლარით,  „სხვა გრძელვადიანი ფინანსური აქტივების“ მუხლში. 2014 წლის ბოლოსათვის აქტივების მიწოდებით წარმოქმნილი დებიტორული დავალიანება 114.4 ათასი ლარი, წარმოდგენილია არასწორად 115.7 ათასი ლარით  - „სხვა გრძელვადიანი ფინანსური აქტივების“ მუხლში.

მუნიციპალიტეტმა 2010 წლის ოქტომბერში, სახელმწიფოსგან მის საკუთრებაში გადმოცემული ქონების საბაზრო ღირებულების დადგენასთან დაკავშირებით მიმართა „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“. დასკვნის მიხედვით, გადმოცემული ქონების (შენობა-ნაგებობების) ღირებულება შეადგენს 115.7 ათას ლარს.  გადმოცემული ქონების ბალანსზე აყვანა მუნიციპალიტეტის მხრიდან არ განხორციელებულა.

მუნიციპალიტეტმა  წლის მანძილზე სხვადასხვა მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში შეისყიდა 2013 წელს - 216.6 ათასი ლარის, ხოლო 2014 წელს 2069.8 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები. აღნიშნული წარმოადგენს არაფინანსური აქტივის ზრდის ოპერაციებს. ბუღალტრულ ჩანაწერებსა და ფინანსურ ანგარიშგებაში სამუშაოები აღიარებული უნდა იყოს „შენობა-ნაგებობების მიღების“ შესაბამის მუხლებში და დაერიცხოს ცვეთა. აღნიშნული ოპერაცია მუნიციპალიტეტის მიერ  არ  განხორციელებულა.

მუნიციპალიტეტმა 2013 წელს შეისყიდა 8.4 ათასი ლარის ღირებულების, ხოლო 2014 წელს 34.8 ათასი ლარის ისეთი საპროექტო  მომსახურება, რომელთა საშუალებით  შეიქმნა მუნიციპალიტეტის ძირითადი ქონება. აღნიშნული წარმოდგენილია „სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების“ მუხლში.  საქართველოს ფინანსთა მინისტრის №1321 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით[1], ოპერაციის ძირითად აქტივად აღიარების დროს ყველა დანახარჯი, რომელიც საჭიროა აქტივის დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად და სამუშაო მდგომარეობაში მოსაყვანად, ემატება აქტივის ღირებულებას. შესაბამისად, მისი ასახვა „სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების“ მუხლში არასწორია.

სხვადასხვა ხელშეკრულების ფარგლებში შესყიდულია სამუშაოები, რომლებიც არ დასრულებულა მიმდინარე წელს და მოხდა მათი მიღება-ჩაბარების თარიღის გადავადება მომდევნო წლისათვის. 2013 წლის 1 იანვრისათვის 222.3 ათასი ლარის ღირებულების, 2014 წლის 1 იანვრისათვის 790.5 ათასი ლარის, ხოლო  2014 წლის ბოლოსათვის 188.8 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები არ არის აღრიცხული და წარმოდგენილი ფინანსურ ანგარიშგებაში „დაუმთავრებელი ძირითადი აქტივის“ მუხლში.

2013 წელს მუნიციპალიტეტმა განახორციელა 37.8 ათასი ლარის, ხოლო 2014 წელს 33.9 ათასი ლარის  ისეთი საპროექტო  მომსახურების შესყიდვა, რომელთა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები არ განხორციელდა ან მოხდა სამუშაოების გადავადება. საპროექტო მომსახურების ღირებულება ნაცვლად  „სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების“  მუხლისა, წარმოდგენილი უნდა იყოს „დაუმთავრებელი ძირითადი აქტივის“ მუხლში.

2013 წელს მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული 221.8 ათასი ლარის ღირებულების მიწები, ფინანსურ ანგარიშგებაში არასწორ მუხლში არის წარმოდგენილი. არაწარმოებული აქტივები  აღრიცხულია „სხვა ძირითადი აქტივების“ მუხლში, ნაცვლად „არაწარმოებული აქტივების“ მუხლისა.

მუნიციპალიტეტს 2013 წელს საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 26428.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ღირებულებით 215.9 ათასი ლარი. გადმოცემული მიწის ნაკვეთის ბალანსზე აყვანა მუნიციპალიტეტის მხრიდან არ განხორციელებულა.

მუნიციპალიტეტს 2013 წლის ბოლოსათვის ერიცხება მომსახურების მიწოდებით დარიცხული კრედიტორული დავალიანება - 1.3 ათასი ლარი, ხოლო 2014 წლის ბოლოსთვის -0.5 ათასი ლარი. აღნიშნული წარმოდგენილი არ არის  ფინანსურ ანგარიშგებაში.

მუნიციპალიტეტის მიერ 2013 წელს მიმწოდებლისთვის არ არის ანაზღაურებული შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 1.8 ათასი ლარი. ასევე, 2014 წელს მიმწოდებელს საბოლოო ანგარიშსწორებამდე დაუკავდა შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან 4.9 ათასი ლარი.  აღნიშნული წარმოდგენილი არ არის  ფინანსურ ანგარიშგებაში „აქტივების მიწოდებით დარიცხული ვალდებულებების“ მუხლში.

2013 წლის განმავლობაში არაფინანსური აქტივის ზრდის   ოპერაციები, თანხით 1848.0 ათასი ლარი, ასევე, არაფინანსური აქტივის კლების ოპერაციები, თანხით 65.7 ათასი ლარი, მუნიციპალიტეტმა აღრიცხა „წმინდა ღირებულების“ ანგარიშში - „სხვა ეკონომიკური ნაკადების“ მუხლში. ანალოგიურად, აღნიშნულ მუხლშია ასახული 2014 წლის არაფინანსური აქტივის ზრდის   ოპერაციები, თანხით 3736.4 ათასი ლარი, და არაფინანსური აქტივის კლების ოპერაციები, თანხით 363.0 ათასი ლარი. სხვა ეკონომიკური ნაკადები აქტივის ან ვალდებულების მოცულობის ან ღირებულების ცვლილებაა, რომელიც ოპერაციის შედეგს არ წარმოადგენს. შესაბამისად, არაფინანსური აქტივების ზრდისა და კლების ოპერაციების „სხვა ეკონომიკური ნაკადების“ მუხლში ასახვა არასწორია.

მანქანა-დანადგარებისა და ინვენტარის საწყისი ნაშთი 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 329.9 ათას ლარს. აღნიშნული დანართ ფორმა №5-ში წარმოდგენილია 602.0 ათასი ლარით. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ფორმა №5-ში  სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა ინვენტარის საწყისი ნაშთი  წარმოდგენილია საწყისი ღირებულებით, ცვეთის გამოკლების გარეშე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან 2013 წელს გადმოეცა სატრანსპორტო საშუალებები, ღირებულებით 21.9 ათასი ლარი, რომელიც ფინანსური ანგარიშგების დანართ ფორმა №3-ში არ არის წარმოდგენილი „აქტივების უსასყიდლოდ მიღების“ მუხლში.

2013 წელს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსგან მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადმოეცა 4.1 ათასი ლარის ღირებულების ბოქსის რინგი, ასევე 2014 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან და საქართველოს მთავარი პროკურატურისგან  25.2 ათასი ლარის ღირებულების ინვენტარი. აღნიშნული ფინანსური ანგარიშგების დანართ ფორმა №3-ში არ არის წარმოდგენილი „აქტივების უსასყიდლოდ მიღების“ მუხლში.

2014 წელს მუნიციპალიტეტის მიერ თანამშრომლებისათვის ანაზღაურებულია სამსახურიდან დათხოვნის კომპენსაციები - 15.6 ათასი ლარი. აღნიშნული გაცემულია  „ხელფასების“ მუხლიდან, ნაცვლად  „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლისა  („დამსაქმებლის მიერ გაწეული სოციალური დახმარება“). 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის №491 ბრძანების შესაბამისად,  თანამშრომლებისათვის ახალ წელთან დაკავშირებით 2014 წელს გაცემულია პრემია (დანამატი), თანხით 46.5 ათასი ლარი. საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, აღნიშნული წარმოადგენს პრემიას და მისი აღრიცხვა „დანამატის“ მუხლში არასწორია.


[1] „ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“.