გენერალური აუდიტორი, ირაკლი მექვაბიშვილი და გენერალური აუდიტორის მოადგილე, ეკატერინე ღაზაძე საქართველოში გერმანიის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის განყოფილების უფროსს, დანიელ ჰაასს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს ბიუროს ხელმძღვანელს, მარია შეფერს, GIZ-ის პროგრამის - „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“ საქართველოს ჯგუფის ხელმძღვანელს, ქრისტიან დიორინგს და პროგრამის PFM-ის მრჩეველს, ინგა სინჯიკაშვილს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განხილულ იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრატეგიული განვითარების მიზნები 2018-2022 წლებისთვის, მისი შემდგომი გაძლიერების, ხარისხის ამაღლების, აუდიტორული საქმიანობისა და პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის საკითხები.
გერმანულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა GIZ-ის პროგრამის - „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, მომავალშიც გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, განსაკუთრებით, ხელი შეუწყოს მის ორგანიზაციულ, ფუნქციურ და ფინანსურ დამოუკიდებლობას, თანამშრომლობას საქართველოს პარლამენტთან, აგრეთვე ეფექტიანობის აუდიტის და სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წლიური მოხსენების მომზადების შემდგომ განვითარებას.
დასასრულს, გენერალურმა აუდიტორმა მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს მათი მხრიდან გაწეული მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.


