სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ეკონომიკური საქმიანობა 30 ოქტომბერი, 2023
შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის (SRAMP) აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2022

საქართველოს მთავრობამ, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს გზების დეპარტამენტის სახით, 2016 წელს დაიწყო შედეგზე დაფუძნებული შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი (SRAMP ან პროექტი).  პროექტი დაფინანსებულია საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის მიერ, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მიერ გაცემული სესხით (სესხი N8599-GE).

პროექტის მიზნებია: გზით მოსარგებლეებისათვის სოციალურ სერვისებსა და ბაზრებზე ხელმისაწვდომობის მდგრადი ფორმით გაუმჯობესება, პროექტით გათვალისწინებული გზების მეშვეობით და საქართველოში შიდასახელმწიფოებრივი გზების ქსელის აქტივების მართვის გაუმჯობესება. 2016 წლის 28 მარტით დათარიღებული სასესხო ხელშეკრულების თანახმად, გზების დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს პროექტის დამოუკიდებელი მონიტორინგი და შეფასება დამოუკიდებელი ეფექტიანობის აუდიტის ჩატარებით. ამ მიზნით მსოფლიო ბანკმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სთხოვა დამოუკიდებელი ეფექტიანობის აუდიტის ჩატარება, რომელიც მოიცავს 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ჯგუფმა, პროექტის ფარგლებში გაწეული ხარჯების გადამოწმების მიზნით, შეისწავლა შუალედური ფინანსური ანგარიშები (IFR), საგადახდო დავალებები, ინვოისები და ხელმოწერილი კონტრაქტები.

აუდიტის ჯგუფმა ასევე განიხილა გურიის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვისა და მისი შემდგომი შესრულების პროცესი, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით − ორი და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ოთხი პროექტირება-მშენებლობის პროექტების მიმდინარეობის საკითხი.

გარდა ამისა, აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა ზედამხედველი კონსულტანტების ყოველთვიური ანგარიშები, შუალედური გადახდის სერტიფიკატები (IPC) გზების პროექტირება-მშენებლობის და რეაბილიტაციის კონტრაქტები და მათი შესაბამისობა პროექტის მართვის სახელმძღვანელოსთან (POM), ასევე პროექტის შეფასების დოკუმენტთან (PAD).

აუდიტის ჯგუფმა განიხილა ტექნიკური და გარემოსა და სოციალურ საკითხთა ექსპერტების მიერ მოწოდებული წინასწარი და საბოლოო ანგარიშები, რათა განესაზღვრა პროექტირება-მშენებლობის და გურიის რეგიონში სარეაბილიტაციო კონტრაქტების ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების რეაბილიტაციისა და გაუმჯობესების მდგომარეობა.

ამასთანავე, აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა განსახლების სამოქმედო გეგმის მიხედვით საკომპენსაციო თანხების საკითხი და გზების უსაფრთხოების ინტეგრაცია აქტივების მართვის პროცესში. განხილულ იქნა განახლებული ხუთწლიანი პროგრამისა და მეშვიდე წლისთვის მომზადებული გეგმის შესაბამისობა „გზების აქტივების შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის მრავალწლიანი გეგმის მომზადების სახელმძღვანელოსთან“, ასევე კლიმატური მდგრადობის პრიორიტეტული ღონისძიებებისთვის შემუშავებული დეტალური დიზაინი და სატენდერო დოკუმენტები და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წინა წლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების სტატუსი.

IFR-ების მიხედვით, 2022 წელს გაწეულმა ჯამურმა ხარჯებმა შეადგინა 6,838,520 აშშ დოლარი. აუდიტის ჯგუფმა შეაფასა სესხის გამოყოფასთან დაკავშირებული ინდიკატორების (DLI’s) შესრულების მდგომარეობა, რომლის საფუძველზეც გასცა რეკომენდაცია 2022 წელს 1,621,766 აშშ დოლარის სესხად აღიარების თაობაზე.
 

აუდიტის მიგნება 1 (2022 წ.)

2022 წელს პროექტირება-მშენებლობისა და გურიის რეგიონის ფარგლებში მიმდინარე პროექტებზე 2021 წელს ექსპერტების მიერ გამოვლენილ შეუსაბამობებზე გაცემული რეკომენდაციების უმეტესობა, არ შესრულებულა. კერძოდ, გარემოსდაცვითი და სოციალურ საკითხთა ექსპერტის მიერ 2021 წელს გაცემული 6 რეკომენდაციიდან 5 არ არის შესრულებული.

რაც შეეხება ტექნიკური ექსპერტის მიერ 2021 წელს გაცემულ 11 რეკომენდაციას, მათგან შესრულებულია 3, ნაწილობრივ შესრულებულია 2, ხოლო 6 არ შესრულებულა.

აუდიტის რეკომენდაცია 1 (2022 წ.)

შიდა სახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უზრუნველყოს ტექნიკური ექსპერტისა და გარემოსდაცვითი და სოციალური ექსპერტის მიერ წინა წლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების კონტროლი.