სახელმწიფო აუდიტის სამსახური

17 აპრილი, 2017
შპს „მექანიზატორი“
პერიოდი: 2014, 2013, 2012

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა შპს მექანიზატორის შესაბამისობის აუდიტი,  სადაც აუდიტის საგნად განისაზღვრა: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ძირითადი აქტივების მართვა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების აქტივებით მიღებული შემოსავალი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015 წლის აუდიტორული საქმიანობის წლიური გეგმის  შესაბამისად, შპს „მექანიზატორის“ შესაბამისობის აუდიტის პერიოდად განისაზღვრა 2012, 2013, და 2014 წლების საანაგრიშგებო პერიოდი. კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს 2013 წლის 16 მაისის ამოღების ოქმით, შპს „მექანიზატორიდან“ ამოღებულია საწარმოს დარეგისტრირების დღიდან 2013 წლის 14 მარტამდე პერიოდის ამსახველი სრული სააღრიცხვო და იურიდიული (ოფიციალური და არაოფიციალური) დოკუმენტაცია, მათ შორის ელექტრონული ფორმით. გარდა ამისა, კომპანიამ ვერ შეძლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მოეწოდებინა 2013 წლის 14 მარტიდან 2013 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდის ინფორმაცია. არსებული მასშტაბის შეზღუდვიდან გამომდინარე, აუდიტორებს მიეცათ შესაძლებლობა შემოწმებულიყო მხოლოდ 2014 წლის საანგარიშგებო პერიოდი.

ქვემოთ მოცემულია აუტიდის ანგარიშის შემაჯამებელი მიმოხილვა:

აქტივებისმართვა

შპს „მექანიზატორის“ ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ფერმერთათვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით მომსახურება. 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით,  კომპანიას ბალანსზე ერიცხებოდა დაახლოვებით 200,000,000 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, რომელთა ინვენტარიზაციაც წლების განმავლობაში არ განხორციელებულა, შესაბამისად კომპანია არ ფლობს სრულ და ზუსტ ინფორმაციას მის ბალანსზე რიცხული ტექნიკა-იმპლემენტების არსებობისა და მდგომარეობის შესახებ.

კომპანიის ზოგიერთი ტექნიკა-აგრეგატის უტილიზაცია საკმაოდ დაბალია. მაგალითისთვის გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლები აქვთ კარტოფილის მოსავლის ამღებ ტექნიკას, ქვის ამკრეფ ტექნიკასა და თვითმავალ სათიბელას. აღნიშნული ტექნიკა აგრეგატები კომპანიამ ჯამურად შეისყიდა 3,000,000 ლარად ხოლო წლის განმავლობაში აღნიშნული ტექნიკით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 12,000 ლარი (0.4%).

შემოსავლები

კომპანიის ბუღალტრული მონაცემებით, 2014 წლის განმავლოაბში სულ მიღებული აქვს 19,736,259 ლარის ოდენობის შემოსავალი, თუმცა ეს რიცხვი არ ედრება კომპანიის მიერ შედგენილ ხელშეკრულებების რეესტრს. ხელშეკრულებების და მასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებას აქვს არასისტემატიზებული ხასიათი.

შემოსავლების სრულად აღრიცხვის მიზნით, კომპანიაში არ არის დანერგილი ადექვატური კონტროლები, შესაბამისად მაღალია ტექნიკა-იმპლემენტების არაკეთილსინდისიერად გამოყენების რისკი.  

აუდიტის შედეგად გაიცა რეკომენდაციები:

რეკომენდაცია N1

შეძენილი აქტივების რაციონალურად გამოყენების მიზნით, შპს „მექანიზატორმა“ ახალი  ტექნიკა-აგრეგატების შეძენამდე სასურველია ჩაატაროს კვლევა რამდენად მოთხოვნადია ესა თუ ის აგრეგატი მომსახურების ბაზარზე და მხოლოდ მას შემდეგ მოახდინოს შესყიდვა.

რეკომენდაცია N2

შპს „მექანიზატორის“ ხელმძღვანელობამ შემოსავლების სრულად და ზუსტად აღრიცხვის მიზნით დანერგოს შესასრულებელი აგრო ოპერაციის ელექტრონული აღრიცხვის სისტემა, რომელიც მიმდინარე რეჟიმში ასახავს დამკვეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს, ანგარიშსწორების პირობებს და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას რაც უზრუნველლყოფს ოპერატორების ეფექტურ კონტროლს და კოორდინირებულ მუშაობას.

რეკომენდაცია N3

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მომსახურების სფეროში გამოსაყენებელი ტექნიკა-იმპლემენტების მართვის გაუმჯობესებისა და მისაღები შემოსავლების შესაძლო დანაკარგების აცილების მიზნით, შპს „მექანიზატორის“ მიერ შემუშავებულ იქნას წესი, რომელშიც გაწერილი იქნება განსახორციელებელი საქმიანობისა და მათი შესრულების მონიტორინგის პროცედურები.