სახელმწიფო აუდიტის სამსახური

09 ივნისი, 2016
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“

სამშენებლო სამუშაოების შესყიდვებთან დაკავშირებით გამოიკვეთა, რომ სახელშეკრულებო ღირებულებები მნიშვნელოვნად ნაკლები იყო შესყიდვის სავარაუდო ღირებულებებზე. ტენდერების საშუალებით სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას, სავარაუდო ღირებულებასა და თავდაპირველ სახელშეკრულებო ღირებულებას შორის სხვაობამ 2013-2014 წლებში შეადგინა 14,526,805 ლარი.

რიგ შემთხვევებში კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში სატენდერო კომისიის მიერ გამარჯვებულად ცხადდებოდნენ ისეთი პრეტენდენტები, რომელთა სატენდერო წინადადება არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილს.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოებზე ტენდერები ცხადდებოდა ისეთი პროექტების განსახორციელებლად, რომელთა ნაწილიც სხვა კომპანიის მიერ უკვე შესრულებული იყო.

გაზსადენის მილების პირაპირების ულტრაბგერითი გამოკვლევის ოქმების ნაწილის ავთენტურობა არ დადასტურდა, ხოლო ოქმების ნაწილი წარმოდგენილი ვერ იქნა.

ავტომანქანის ჩანაცვლება განხორციელებულია ფასთა ისეთი თანაფარდობით, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენდა ფასთა კოტირებისათვის თავის არიდებას, რაც არ ემსახურება ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვას.

2012-2013 წლებში გაზსადენის სისტემაში ადგილი ჰქონდა ჭარბი გაზის არსებობას. განმარტების თანახმად, ეს არის გაზის ის მოცულობა რომლის აღრიცხვაც ვერ შეძლეს ვერც კომერციულმა და ვერც საკონტროლო მრიცხველებმა. ჭარბი გაზის არსებობა დასტურდება მხოლოდ მიღებული და ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზის ბალანსში, სადაც ჭარბი გაზი წარმოადგენს დისბალანსს მიღებულ და გადაცემულ გაზს შორის და შეუძლებელია იმის განსაზღვრა თუ კონკრეტულად რომელი აღრიცხვის კვანძის ცდომილების ხარჯზე გაჩნდა იგი. შექმნილი მდგომარეობა ზრდის კომპანიის მიერ ფაქტობრივად მიღებული გაზის მიღება-ჩაბარების აქტებში არასწორი ოდენობით დაფიქსირების რისკს.

გაწეული საწვავავის ხარჯების შესწავლისას გამოვლინდა რიგი შეუსაბამობებისა, რაც გამოიხატებოდა ცალკეული მარშრუტების სიგრძის არასწორად მითითებაში.

ქ. თბილისსა და რეგიონებში მშენებარე იუსტიციის სახლების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მიღებული ფართიდან არასაცხოვრებელი ფართებისა და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთის დროებით, უსასყიდლო სარგებლობაში კომპანიისათვის გადაცემის პირობით, კომპანიამ მთავრობის განკარგულებების საფუძველზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და იუსტიციის სასწავლო ცენტრს საერთო ჯამში გადაურიცხა 6,809,135 ლარი. მოგვიანებით ზემოხსენებულ უსასყიდლო უზურფრუქტთან დაკავშირებული ხელშეკრულებები გაუქმდა, ხოლო მათ საფუძველზე გადარიცხული თანხები კომპანიას არ დაბრუნებია.