სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ჯანმრთელობის დაცვა 24 ოქტომბერი, 2025
შრომის უსაფრთხო პირობების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2023, 2022, 2021

დასაქმებულთა შრომის უსაფრთხო პირობებით უზრუნველყოფას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფუნდამენტური უფლების დასაცავად. ამასთანავე, შრომის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების განუყოფელ ნაწილს, რაც განსაზღვრავს როგორც დასაქმებულთა ფიზიკურ კეთილდღეობას, ისე ორგანიზაციების მდგრადობას და კონკურენტუნარიანობას. ამ მიმართულებით ეფექტიანი მექანიზმების არსებობა უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შემცირებას.

შრომის უსაფრთხოების დაცვის გლობალურ გამოწვევებთან ერთად, აღნიშნული საკითხი აქტუალურია საქართველოსთვისაც: 2018-2023 წლებში უბედური შემთხვევების სტატისტიკის მიხედვით, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შედეგად დაშავდა 1546 დასაქმებული, ხოლო სამუშაო ადგილას გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 249 ადამიანი შეადგინა. ქვეყნისთვის დადებითად უნდა შეფასდეს 2023 წელს ფატალური შემთხვევების მაჩვენებლის თითქმის ორჯერ შემცირება, 2018 წელთან შედარებით.

2015 წლიდან ფუნქციონირებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, რომლის სამართალმემკვიდრე 2021 წლიდან გახდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შრომის ინსპექციის სამსახური. მისი შექმნის მიზანია შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა.

საქართველოში შრომის ინსპექციის განვითარებისთვის ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. 2019 წელს მიღებულმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულმა კანონმა შრომის ინსპექციის მანდატი მნიშვნელოვნად გააფართოვა, რაც საშუალებას აძლევს ინსპექციას, ზედამხედველობა გაუწიოს ყველა ეკონომიკურ სექტორს. ამასთანავე, განვითარდა შრომის უსაფრთხოების ფორმალური და ინსტიტუციური მექანიზმები, განხორციელდა ევროდირექტივების ნაწილის ინტეგრაცია საქართველოს კანონმდებლობაში. 

აღსანიშნავია, რომ შრომის უსაფრთხოების დაცვის სახელმწიფო სისტემა ახალი ჩამოყალიბებულია და მისი სრულფასოვანი ამოქმედებისთვის საჭირო ინფორმაციული, საკანონმდებლო, ორგანიზაციული რესურსებით უზრუნველყოფის და განახლებული სტანდარტების დანერგვის პროცესი, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განახორციელა შრომის უსაფრთხო პირობების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტი, რომელიც მოიცავს 2021 – 2023 წლების ჩათვლით პერიოდს.

აუდიტის მიზანია შეფასდეს შრომის უსაფრთხოების სისტემის განვითარების პროცესში ჩართული მექანიზმების ეფექტიანობა, არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა შემდეგი მიმართულებები: რამდენად არსებობს წინაპირობები შრომის უსაფრთხოების ნორმების სათანადო ინსპექტირებისთვის; პრიორიტეტული სექტორების გამოვლენისა და კომპანიების რისკზე დაფუძნებული შერჩევის საკითხი; ინსპექტირების პროცესის გავლენა კომპანიებში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე. შესწავლილ საკითხებთან მიმართებით, აუდიტის ჯგუფმა გამოავლინა გაუმჯობესების პოტენციალი შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

ინსპექტორთა რაოდენობა და სტრუქტურული განაწილება

შრომითი ნორმების ეფექტიანი აღსრულების და გამოყენების უზრუნველსაყოფად შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ საკუთარი ფუნქციების, მათ შორის, ინსპექტირების ფუნქციის ეფექტიანად განსახორციელებლად, სამსახურმა უნდა განსაზღვროს ინსპექტორთა საკმარისი რაოდენობა და გაითვალისწინოს მათი კვალიფიკაცია.

ქვეყანაში ინსპექტორების საერთო რაოდენობა შეესაბამება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიას, კერძოდ, ყოველ 20 ათას დასაქმებულზე მოდის 1 შრომის ინსპექტორი, თუმცა შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ შრომის უსაფრთხოების ინსპექტორთა ოპტიმალური რაოდენობის შეფასება და განაწილება არ ხორციელდება შესამოწმებელი ობიექტების დაფარვის სამიზნე მაჩვენებლებისა და ქვეყნის სპეციფიკის დეტალური ანალიზის ჭრილში.

შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის მიმართულებით, 2023 წელს 2021 წელთან შედარებით, 1,3-ჯერ გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა, ხოლო ინსპექტირების რაოდენობა − 3,5-ჯერ; ასევე გაიზარდა სამუშაო დატვირთვა ერთ ინსპექტორზე − 51-დან 138 ინსპექტირებამდე. შედეგად, დასაქმებულ ინსპექტორთა რაოდენობის ზრდის ტემპი ჩამორჩება საქმიანობის გაზრდილ (მათ შორის, არაგეგმური ინსპექტირებების) მოცულობას.

ასევე: არსებობს გაუმჯობესების პოტენციალი შრომის ინსპექტორების რეგიონულ სამმართველოებში და ცენტრალურ ოფისში განაწილების მხრივ. 

საქართველოში რეგისტრირებული პოტენციურად შესამოწმებელი ბიზნესსუბიექტების რაოდენობა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში შეადგენს 105 726 და 65 407 ერთეულს. აღნიშნულთან მიმართებით, რეგიონებში არ არის პროპორციული ინსპექტორთა რაოდენობის გადანაწილება: 2022 წელს ცენტრალურ ოფისში ფაქტობრივად დასაქმებულთა რაოდენობა − 54-ს, ხოლო რეგიონულ ოფისებში − 12 ინსპექტორს შეადგენდა. შედეგად, თბილისის ცენტრალური ოფისი დიდი მოცულობით (მაგალითად, სამეგრელოს − 90%-ით) ამოწმებს სხვადასხვა რეგიონში არსებულ ინსპექტირების ობიექტებს. ამ ინსპექტირებების დიდი ნაწილის ოპტიმალური განაწილება შესაძლებელია მოქმედ რეგიონულ სამმართველოებს შორის.

ინსპექტირების დაფარვის ინდიკატორების განსაზღვრა

საქართველოს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის 2019-2023 წლების ეროვნულ სტრატეგიაში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით დასახულია ამოცანები და მიზნები, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ინციდენტების პრევენციასა და სამუშაო გარემოს გაუმჯობესებასთან, თუმცა დოკუმენტში არ არის განსაზღვრული შრომის ინსპექციის მიერ განსახორციელებელი პრევენციული/გეგმური ინსპექტირებების დაფარვის სამიზნე მაჩვენებლები. ორგანიზაციულ დონეზე, საშუალოვადიან პერსპექტივაში (3-5 წელი) დაფარვის მაჩვენებლის განსაზღვრა გამოწვევად რჩება და მხოლოდ ინსპექტირებების რაოდენობას მოიცავს. 

შრომის ინსპექციის საქმიანობის შეფასების შედეგად გამოიკვეთა, რომ გეგმურად ინსპექტირებული კომპანიების (1%) და სულ ინსპექტირებულ კომპანიებში დასაქმებულთა (7%) დაფარვის მაჩვენებელი არ არის მაღალი.

სექტორულ დონეზე ინსპექტირებას დაქვემდებარებული კომპანიების მინიმალური რაოდენობა განსაზღვრულია წლიურად – საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომლის ფარგლებშიც სამსახური სტაბილურად უზრუნველყოფს ობიექტების სათანადო რაოდენობების შემოწმებას. თუმცა, ეს რაოდენობები ზოგ შემთხვევაში მცირეა იგივე სექტორში ქვეყანაში არსებული კომპანიების (რეგისტრირებული) საერთო რაოდენობასთან შეფარდებით. გარდა ამისა, კომპანიები არ არიან შერჩეულნი რისკის დონის პროპორციულად, შესაბამისად – მესამე დონის რისკის მქონე სექტორებიდან მეტი კომპანია ირჩევა, ვიდრე უპირატესი მეოთხე ან მეხუთე დონის რისკის სექტორებიდან.

ინდიკატორების გათვალისწინება შერჩევის პროცესში

ინსპექტირების გეგმური სიის შედგენის პროცესში, მეთოდოლოგიით დადგენილი რისკიანი სექტორების გათვალისწინების გარდა, უნდა გამოიყენებოდეს დამატებითი ინდიკატორები, როგორებიცაა უბედური შემთხვევები, დარღვევები და საჩივრები. თუმცა, შერჩევის მიზნისთვის აღნიშნული მონაცემების თანმიმდევრული და ერთგვაროვანი გამოყენების შესახებ რწმუნება აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა.

შესაბამისად არსებობს რისკი, რომ დაგეგმვის პროცესში პრიორიტეტული რისკის დონის შესაბამისად არ ფორმირდება შესამოწმებელი სიები/სექტორები.

2022-2023 წლებში უბედური შემთხვევების სტატისტიკა მიუთითებს, რომ ყველაზე მეტი ინციდენტი წარმოების, მშენებლობისა და ვაჭრობის სექტორებშია. რისკიანი/პრიორიტეტული სექტორების მიხედვით, ინსპექტირების დაგეგმვის ეტაპზე უბედური შემთხვევების ტენდენციის გათვალისწინება ნაწილობრივ განხორციელდა.

სსიპ − შრომის ინსპექციის სამსახურმა:

  • ინსპექტირების პროცესის მოთხოვნებთან ადამიანური რესურსების რაოდენობისა და განაწილების უკეთ მისადაგების მიზნით, უზრუნველყოს ინსპექტორთა რაოდენობის ეტაპობრივი ზრდის პარალელურად ახალი თანამშრომლების რეგიონალურ სამმართველოებში გადანაწილება შესამოწმებელი ობიექტების რაოდენობის პროპორციულად, მათი სექტორული და რეგიონული სპეციფიკის გათვალისწინებით.
  • შრომის უსაფრთხოების პრევენციული პოლიტიკის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, განსაზღვროს გეგმური ინსპექტირების დაფარვის მიზნობრივი მაჩვენებლები და უზრუნველყოს მათი ინიციირება სამინისტროს სტრატეგიაში.
  • შესამოწმებელი ბიზნესსუბიექტების სიმრავლის შესახებ ინფორმაციის ხარისხისა და დროულობის გაუმჯობესების მიზნით, განიხილოს მოქმედი ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების განვითარების შესაძლებლობები, მათ შორის, გაერთიანებული ბაზის ფორმატის/ველების და მათი გაერთიანებისთვის საჭირო პროცედურების ჩათვლით.
  • გეგმური ინსპექტირებისთვის ყველაზე რელევანტური ობიექტების იდენტიფიცირების მიზნით, შეიმუშაოს ფორმალური პროცედურა/მეთოდური ინსტრუქცია (შესაძლოა ელექტრონული პროგრამის სახით), რომელიც შერჩევისას, პროფესიულ მსჯელობასთან ერთად, უზრუნველყოფს შერჩევის კრიტერიუმების თანმიმდევრულ და ეფექტიან გამოყენებას, გადაწყვეტილებების გარკვეული ნაწილის ავტომატიზაციისა და დოკუმენტირების მეშვეობით (აუდიტის კვალის შენარჩუნების გზით).