სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულება, უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს შშმ პირთა უფლებების სრულ რეალიზებას, განახორციელოს მათთვის განკუთვნილი პოლიტიკა/პროგრამები.
შშმ პირების უფლებების რეალიზების ხელშეწყობა სახელმწიფოს საქმიანობის მრავალ მიმართულებას მოიცავს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სამინისტროს როლი შშმ პირთა ხელშემწყობი სოციალური პოლიტიკის/პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში, რისთვისაც აუცილებელი წინაპირობაა ისეთი საბაზისო ინფორმაციის არსებობა, როგორიცაა, შშმ პირთა რაოდენობა, მათი შეზღუდვები და საჭიროებები. ამასთანავე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს არსებული პროგრამების ხელმისაწვდომობა მომსახურების მინიმალური ხარისხის სტანდარტების დაცვით.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განახორციელა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტი. აუდიტის პერიოდმა მოიცვა 2017-2018 წლები და 2019 წლის პირველი ნახევარი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აუდიტის ფარგლებში შეისწავლა, რამდენად გააჩნია სამინისტროს შშმ პირებისთვის განკუთვნილი პროგრამების ადეკვატურად დაგეგმვისთვის საჭირო ინფორმაცია და რამდენად უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები სოციალური რეაბილიტაციის ქვეპროგრამების ხელმისაწვდომობასა და მომსახურების სათანადო ხარისხს. შესწავლის შედეგად გამოვლინდა შემდეგი სახის ნაკლოვანებები:
- შშმ პირთა სტატუსის განსაზღვრის სამედიცინო მოდელის ფარგლებში შეგროვებული სტატისტიკური მონაცემები ვერ უზრუნველყოფს შშმ პირთა შესახებ სრულყოფილი და სათანადო ინფორმაციის წარმოებას, რაც შშმ პირებისათვის განკუთვნილი პოლიტიკისა და პროგრამების დაგეგმვის აუცილებელი წინაპირობაა. სოციალურ მოდელზე გადასასვლელად ახალი მოდელის პილოტირება და დანერგვა ჯერ კიდევ 2010 წლიდან იყო გათვალისწინებული სხვადასხვა სამთავრობო სამოქმედო გეგმით. მათი ამოქმედება გადავადდა და პილოტირება აჭარის რეგიონში მხოლოდ 2019 წელს დაიწყო. შესაბამისად, სოციალური მოდელი დანერგილი არ არის, რაც სამინისტროს საშუალებას მისცემდა შშმ პირთა საჭიროებებზე ეწარმოებინა ინდივიდუალური სტატისტიკა, ქვეპროგრამების ოპტიმალურად დაგეგმვის მიზნით;
- შშმ პირთა რაოდენობის შესახებ არსებული ინფორმაცია არ არის სრულყოფილი. სამინისტროს მიერ წარმოებული ბაზები მხოლოდ სოციალური დახმარების მიმღებ პირთა შესახებ ინფორმაციას შეიცავს. შესაბამისად, ამ მონაცემებში ვერ ხვდებიან ის პირები, რომლებზეც არ გაიცემა სოციალური პაკეტი (მაგალითად, ზომიერი შეზღუდვის მქონე შშმ პირები).
- იმის გამო, რომ ექსპერტიზის ფორმები არ შეიცავს ველს ყველა ქმედობაუნარიანობის შესახებ ინფორმაციის შესატანად, მოქმედ სოციალურ-სამედიცინო ექსპერტიზის ფორმებში არ აისახება ყველა ქმედობაუნარიანობის კატეგორიის შეფასების შედეგები. რიგი ქმედობაუნარიანობის შესახებ ინფორმაცია შევსებულია, თუ აღნიშნული უკავშირდება რომელიმე დამხმარე საშუალების გაცემის საფუძველს, მაგალითად, გადაადგილებისა და სმენის შეზღუდვას. ასევე აღნიშნული გამომდინარეობს სამედიცინო პერსონალის მიერ საჭიროებების იდენტიფიცირების უნარების ნაკლებობიდანაც, რადგან მათ შეუძლიათ მხოლოდ სამედიცინო კუთხით ექსპერტიზის ჩატარება. შედეგად, შევსებული ფორმებიდან, კანონით გაწერილი შშმ პირთა ქმედობაუნარიანობის შეზღუდვების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღება შეუძლებელია;
- სამინისტროს არ აქვს დანერგილი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებებიდან ინფორმაციის შეგროვების მექანიზმი. შედეგად, სამინისტროსთვის არ არის ხელმისაწვდომი პროგრამების უკეთ დაგეგმვისთვის საჭირო კონსოლიდირებული და განახლებული მონაცემები (ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა, დიაგნოზები და ა.შ.)
- რეაბილიტაციისა და ადრეული განვითარების ქვეპროგრამების სრული ტერიტორიული ხელმისაწვდომობა არ არის უზრუნველყოფილი. აღნიშნული, სხვა ობიექტურ ფაქტორებთან ერთად, ნაწილობრივ განპირობებულია სოციალური სერვისების განვითარების მიზნით, სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს შორის სუსტი კოორდინაციით.
- დამხმარე საშუალებების ქვეპროგრამის დიზაინი არ ითვალისწინებს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის სერვისის ადგილზე მიწოდებას, გარდა ელექტროსავარძელ-ეტლებისა. შესაბამისად, ქვეპროგრამის დაგეგმვის ეტაპზე ტერიტორიული ხელმისაწვდომობა არ არის გათვალისწინებული სხვა დამხმარე საშუალებისთვის და მათ მისაღებად საჭიროა მიმწოდებელთან, სულ მცირე, ორჯერ ვიზიტი;
- სამინისტროს შერჩეული ქვეპროგრამებიდან მომსახურების მინიმალური სტანდარტები გაწერილი აქვს მხოლოდ ადრეული განვითარების ქვეპროგრამისთვის. შესაბამისად, რეაბილიტაციისა და დამხმარე საშუალებების ქვეპროგრამების მომსახურების ხარისხზე (უსაფრთხოება, შედეგები და ა.შ.) მონიტორინგი არ ხორციელდება.