უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული გაერთიანების (EUROSAI) საინფორმაციო გამოცემაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ჩართულობით ჩატარებული წყალდიდობის მართვის საერთაშორისო აუდიტის მიგნებებსა და რეკომენდაციებზე სტატია გამოქვეყნდა.
„უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთო იდეა, რომლებმაც გააერთიანეს ძალები საერთაშორისო კოორდინირებულ აუდიტში მონაწილეობის მისაღებად, მიმართულია პრევენციული ღონისძიებების სწორად და დროულად განხორციელებისაკენ, რითიც შესაძლებელია მნიშვნელოვნად შემსუბუქდეს გარემოზე მავნე ზემოქმედება და გადარჩეს ადამიანების სიცოცხლე“- აღნიშნულია სტატიაში.
საქართველოს, ბელორუსის, პოლონეთის, სერბეთის, თურქეთის, უკრაინის აუდიტორულმა ორგანიზაციებმა და ევროპის აუდიტორთა სასამართლომ შეაფასეს მათ ქვეყნებში მდინარეების წყალდიდობების რისკის მართვის პროდუქტიულობა, კანონმდებლობის დაცვის საკითხები, მენეჯმენტის გადაწყვეტილებების დროულობა და გამოყოფილი ხარჯების გამოყენების ეფექტიანობა.
უმაღლესმა აუდიტორულმა ორგანიზაციებმა ეროვნულ დონეზე წარმოებული აუდიტების მიგნებებისა და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს მიგნებებზე დაყრდნობით გამოსცეს 10-მდე საერთო რეკომენდაცია. უმაღლესმა აუდიტორულმა ორგანიზაციებმა ურჩიეს მთავრობებს მიეღოთ სათანადო ზომები, რათა მათ შექმნან და დანერგონ წყალდიდობის პროგნოზირებისა და დაცვის სისტემები; ჩამოაყალიბონ კონკრეტული პოლიტიკის მიზნები წყალდიდობისგან დაცვასთან დაკავშირებით, სამოქმედო გეგმები და პროგრამები; უზრუნველყონ ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან; უზრუნველყონ პასუხისმგებელ ორგანოებს შორის სათანადო კოორდინაცია, წყალდიდობისგან დაცვის ღონისძიებების განხორციელებისათვის; გადადგან საჭირო ნაბიჯები წყალდიდობების რისკის მართვის გეგმის შექმნისათვის; გააუმჯობესონ წყალდიდობის პროგნოზირების სისტემა და გამოიყენონ გეოსივრცითი დაგეგმვის მეთოდები წყალდიდობის რისკების მართვისთვის.
იხილეთ სტატია: EWGEA NEWSLETTER_2021_FINAL.pdf (eurosaiwgea.org).
