სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ხობის მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ფინანსური რესურსების მართვა
ფინანსური რესურსების მართვაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების, მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და განხორციელება. აღნიშნული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2020-2021 წლებში, შესაბამისად, 11% და 17% დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები - მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. კერძოდ, 6,242.6 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას არ არის მიღწეული სამუშაოების დადგენილი ხარისხი, რითაც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.
ხარვეზებით შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია - მუნიციპალიტეტს არ აქვს დაწესებული სათანადო კონტროლი საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე. შედეგად, მუნიციპალიტეტი იბარებდა ხარვეზებით შედგენილ დოკუმენტაციას, რაც გავლენას ახდენდა მიწოდების ვადებსა და სახელშეკრულებო ღირებულებაზე, ამასთანავე, აუარესებდა მერიის პირობებს.
დარიცხული და ამოუღებელი საჯარიმო თანხები - ხელშეკრულებების პირობების შეუსრულებლობისათვის მიმწოდებლებზე დარიცხული ჯარიმების ამოღებისას მუნიციპალიტეტი მოქმედებდა საკუთარი ინტერესების საზიანოდ. შედეგად, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დარიცხულმა და ამოუღებელმა ჯარიმებმა სულ 806.9 ათასი ლარი შეადგინა. არსებობს რისკი, რომ გადაწყვეტილებები საჯარიმო თანხების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით მიღებულია პირადი ინტერესების გათვალისწინებით.
სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დაუცველობა - შესყიდვების პროცესის კონტროლის სისუსტის გამო, მერიამ გეგმა-გრაფიკის დარღვევისას მიმწოდებლებს პირგასამტეხლო არ დაარიცხა. აღნიშნულმა ქმედებამ ხელი შეუწყო ინფრასტრუქტურული პროექტების დაგვიანებით დასრულებას. ამასთანავე, მერიამ ვერ მიიღო, დაახლოებით, 432.4 ათასი ლარის კუთვნილი საჯარიმო თანხა.
შესყიდვების მართვა
პრეტენდენტების დაუსაბუთებელი დისკვალიფიკაცია - სოფლის გზების ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობის შესყიდვისას მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიამ გამოიყენა არაერთგვაროვანი მიდგომა და დაუსაბუთებლად მოახდინა პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, რამაც კონკურენციის შეზღუდვა გამოიწვია. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დაკარგა ჯამში 321.6 ათასი ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.
მუნიციპალური სერვისების მიწოდება
მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემები - მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ღონისძიებები მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით არასაკმარისია; სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს არალიცენზირებული პირი, მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით; წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება; არალიცენზირებული პირი ვერ უზრუნველყოფს წყლის გადასახადის ადმინისტრირებას, რის გამოც საბიუჯეტო სახსრები არაპროდუქტიულად იხარჯება.
გამოუყენებელი სამშენებლო მასალები - მუნიციპალიტეტმა მოსახლეობის დასახმარებლად ვერ შეარჩია სამუშაოების შესრულების სათანადო ფორმა, რის გამოც ოჯახებისათვის გადაცემული სამშენებლო მასალები გამოუყენებელია. შედეგად, 123.8 ათასი ლარი დახარჯულია არაეფექტიანად და სრულად არ არის მიღწეული პროექტით გათვალისწინებული მიზნები.
ქონების მართვა და განკარგვა
მიუღებელი საიჯარო შემოსავლები - მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო იჯარიდან მისაღები შემოსავლის სრულად და დროულად მობილიზება ადგილობრივ ბიუჯეტში და ვერ მიიღო 38.6 ათასი ლარის შემოსავალი. კონტროლის მექანიზმების სისუსტის გამო, სათანადო რეაგირების გარეშეა დარჩენილი სხვადასხვა პირის მიერ მუნიციპალიტეტის ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის შემთხვევები.
იურიდიული პირების მართვა და დაფინანსება
ა(ა)იპ − სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის დაფინანსების ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა 2020-2021 წლებში 22.5 ათასი ლარით დააფინანსა მის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია. მუნიციპალიტეტს არ ჩაუტარებია ორგანიზაციის საქმიანობის მონიტორინგი და არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას განხორციელებული ღონისძიებებისა და ფინანსური რესურსების ხარჯვის ეფექტიანობის შესახებ. ამდენად, მუნიციპალიტეტის ჩართულობა დაფუძნებული იურიდიული პირის საქმიანობაში არასაკმარისი და არაეფექტიანია.
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება
საკრებულოს წევრებზე დოკუმენტური დასაბუთების გარეშე გაწეული ხარჯები - მუნიციპალიტეტმა 2020-2021 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად 160.7 ათასი ლარი გასცა შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე, საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ.
მმართველობითი გადაწყვეტილებები
დელეგირებული უფლებამოსილების საკუთარი შემოსავლიდან დაფინანსების ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო დელეგირებული უფლებამოსილების განმახორციელებელი სამსახურების საქმიანობის დაგეგმვა და წარმართვა მისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების შესაბამისად, რამაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი 162.8 ათასი ლარის ხარჯი გამოიწვია.
დასუფთავების მოსაკრებლის არასათანადო ადმინისტრირება - მერიამ ვერ უზრუნველყო საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა სრულყოფილი ბაზის შექმნა და მოსაკრებლის სათანადოდ ადმინისტრირება. შედეგად, მუნიციპალიტეტმა სრულად ვერ მიიღო მოსაკრებელი, რაც უარყოფითად აისახა ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებზე.
საკონსულტაციო მომსახურების დაუსაბუთებელი შესყიდვა - მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა თუ რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული მემორანდუმის ფორმით 20.0 ათასი ლარის საფინანსო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა. მერია ვალდებული იყო პირველ რიგში გამოეყენებინა საკუთარი შრომითი რესურსი, ხოლო მოხელეების პროფესიული განვითარების საჭიროებისას, მომსახურება შეესყიდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საბანკო მომსახურების შესყიდვის ნაკლოვანება - 2020-2021 წლებში მუნიციპალიტეტს და მის მიერ დაფუძნებულ იურიდულ პირებს ემსახურებოდა ბანკი, რომელიც ანგარიშზე ფულადი რესურსების განთავსების სანაცვლოდ ურიცხავდა სარგებელს. მერიამ არ ჩაატარა ბაზრის კვლევა საბანკო მომსახურების საუკეთესო შეთავაზების გამოსავლენად, რომელიც მუნიციპალიტეტს მოუტანდა დამატებით ფინანსურ სარგებელს.
საბიუჯეტო პროცესების ხარვეზები - მუნიციპალიტეტში ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების პროცესი მიმდინარეობდა ნაკლოვანებებით: ხარვეზები გამოვლინდა პრიორიტეტების დოკუმენტის ფორმირების, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების საკრებულოში დროულად წარდგენისა და შედგენის მიმართულებებით.
ინვენტარიზაცია
ჩაუტარებელი ინვენტარიზაცია - მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.