სახელმწიფო აუდიტის სამსახური

EUROSAI ახალგაზრდა ლიდერებს AI შესაძლებლობებს უზიარებს 01 ივლისი, 2024

უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების მიერ ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების შესაძლებლობებს განიხილავდა EUROSAI-ის ახალგაზრდა ლიდერების კონფერენცია, რომელშიც თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ხითარიშვილი მონაწილეობდა.   

ევროპის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების გაერთიანების (EUROSAI) მეექვსე კონფერენციას „Young EUROSAI – Yes to AI", პოლონეთის უმაღლესმა აუდიტორულმა ორგანიზაციამ უმასპინძლა.  

კონფერენციის მონაწილეებს ავსტრიის, ბრიტანეთის, დანიის, ისრაელის, პოლონეთის, სლოვენიის, ნორვეგიის, ლატვიის, ჩეხეთის, შვეიცარიის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გაუზიარეს გამოცდილებები AI-ის დანერგვაში არსებული გამოწვევების და რისკების შესახებ და სხვადასხვა აუდიტორული ამოცანის შესრულებაში მისი გამოყენების შესაძლებლობებზე.  

ახალგაზრდა ლიდერებისთვის, პოლონეთის აუდიტის სამსახურის სასწავლო ცენტრში, ჩატარდა სამუშაო ტრენინგები, თუ როგორ შეუძლია AI-ს გააუმჯობესოს და  პროდუქტული გახადოს აუდიტის ეფექტიანობა და რა რისკები შეიძლება წარმოიშვას ამ პროცესში. ორდღიან სამუშაო შეხვედრებს ევროპის აუდიტორული სასამართლოს, პოლონეთის, ჩეხეთის და ავსტრიის აუდიტორული ინსტიტუციების წარმომადგენლები უწევდნენ მოდერაციას.