სახელმწიფო აუდიტის სამსახური

EUROSAI-ის კატასტროფებისთვის გამოყოფილი ფონდების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა  23 მაისი, 2025

EUROSAI-ის უბედური შემთხვევებისა და კატასტროფებისთვის გამოყოფილი ფონდების აუდიტის სამუშაო ჯგუფის XI სამუშაო შეხვედრა-სემინარი იტალიაში, ქალაქ რომში გაიმართა და მას თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ფრიდონ შენგელია და მისი მოადგილე გიორგი ხითარიშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო ქვეყნების მიერ ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების პრევენციისა და მათზე რეაგირების მიმართულებით მიღწეული პროგრესის განხილვა, ინოვაციური მიდგომების გაზიარება და სამუშაო ჯგუფის სტრატეგიული გეგმების განხილვა 2025–2027 წლებისთვის.

სამუშაო ჯგუფის წევრებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა მათ მიერ ჩატარებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ეფექტიანობის აუდიტის ფარგლებში გამოკვეთილი მთავარი გამოწვევები, მიგნებები, რეკომენდაციები და რეკომენდაციების შესრულების მდგომარება გააცნეს.

სამუშაო შეხვედრის თემები იყო „ერთად კატასტროფების წინააღმდეგ: მზადყოფნიდან ინოვაციამდე“ და „ინოვაციური მიდგომები და ციფრული გადაწყვეტილებები კატასტროფების მართვის აუდიტში“. მონაწილეებმა მოისმინეს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება სპეციალური აპლიკაციების, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისა და კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურის აუდიტის შესახებ. 

სემინარის ბოლოს მონაწილეებმა მცირე სამუშაო ჯგუფებში განიხილეს პრაქტიკული მაგალითები და სავარჯიშოები თემებზე „სცენარებზე დაყრდნობით აუდიტის სწრაფი დაგეგმვა“ და „ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით აუდიტის სტრატეგიის შემუშავება“. 

შეხვედრა იტალიის უმაღლესი აუდიტორული უწყების ორგანიზებითა და უკრაინის სააღრიცხვო პალატის ხელმძღვანელობით შედგა, რომელიც ამ სამუშაო ჯგუფის მოქმედი თავმჯდომარეა.