თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აუდიტორ-ასისტენტმა რევაზ გომელაურმა ინდოეთის ქალაქ ნოიდაში, ინდოეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის (CAG) საინფორმაციო სისტემების და აუდიტის საერთაშორისო ცენტრის (iCISA) მიერ ორგანიზებული ერთთვიანი სასწავლო კურსი გაიარა.
საერთაშორისო სასწავლო კურსის თემა იყო „ორგანიზაციის შემოსავლების და შესაბამისობის აუდიტი“, რომლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ სხვადასხვა ქვეყნის საგადასახადო სისტემას, შესაბამისობის აუდიტის დაგეგმვაში რისკის იდენტიფიცირების და ანალიზის პრაქტიკებს, ასევე, ინდოეთის აუდიტორული უწყების მიერ ჩატარებულ აუდიტებს.
სასწავლო პროგრამაში მონაწილეობდა 15 ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის 24 წარმომადგენელი, რომლებიც ეწვივნენ მსხვილი აუდიტორული კომპანიის PWC-ის სათაო ოფისს, სადაც აუდიტის პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სხვადასხვა ტექნოლოგიას გაეცნენ.
პროგრამის დახურვისას პროგრამის მონაწილე აუდიტორებს ინდოეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში უმასპინძლეს. გენერალურმა აუდიტორმა შრი სანჯეი მურთიმ მათ სპეციალური სერტიფიკატები გადასცა.
ინდოეთთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საინფორმაციო სისტემების და აუდიტის საერთაშორისო ცენტრის (iCISA) სასწავლო კურსი 2024 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოთხმა აუდიტორმა გაიარა.

