სახელმწიფო აუდიტის სამსახური

INTOSAI-ს განვითარების ინიციატივის (IDI) გლობალურ სამიტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოხსენებით წარსდგა 18 ნოემბერი, 2021

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მონაწილეობა მიიღო INTOSAI-ის განვითარების ინიციატივის მიერ (INTOSAI Development Initiative-IDI) ორგანიზებულ გლობალურ სამიტში, რომლის თემა იყო უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების აუდიტის ზეგავლენა. სამიტი ონლაინ ფორმატში გაიმართა, ძირითადი მასპინძელი ქვეყანა კი ნორვეგია იყო.

გლობალური სამიტი ხორციელდება IDI-ის ახალი ინიციატივის - აუდიტის ზეგავლენის ფასილიტაციის ფარგლებში, მისი გაძლიერებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისათვის. ამ ინიციატივით IDI ხელს უწყობს და მხარს უჭერს უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების ღირებულებების და სარგებლის გაძლიერებას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა, გლობალურ სამიტზე საერთაშორისო საზოგადოებას გაუზიარეს სამსახურის გამოცდილება - აუდიტის ზეგავლენისა და რეკომენდაციების შესრულების შესახებ. სამიტის მონაწილეებს მათ ასევე წარუდგინეს ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შექმნილი და დანერგილი აუდიტის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის სისტემა (Audit Recommendation Implementation System (ARIS)), რომელიც ხელს უწყობს გაცემული რეკომენდაციების შესრულებისა და აუდიტის ზეგავლენის მაჩვენებლის ზრდას.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა: სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსმა ცოტნე ქარქაშაძემ და სტრატეგიული ანალიზის სამსახურის უფროსმა შოთა ჯამბურიძემ.