INTOSAI-ს დიდ მონაცემთა სამუშაო ჯგუფის (WGBD) ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში, სადაც INTOSAI-ს წევრი უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება საჯარო სექტორში, აუდიტორულ საქმიანობაში დიდ მონაცემთა ანალიზის, მისი დამუშავების ტექნიკის და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე. მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISSAI) და IT ტექნოლოგიების შესაბამისობა, ამ ინსტრუმენტების გამოყენებასთან დაკავშირებული პოტენციური რისკები და გამოწვევები.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს სამუშაო ჯგუფის მიერ განსახორციელებელი პროექტების მიმდინარეობის თაობაზე. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ერთვება ჯგუფის მიერ დაგეგმილ პროექტში - „დიდ მონაცემთა ანალიზის გამოყენება ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის აუდიტისას“.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ეგვიპტის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციაში, 24 ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს და ევროპის აუდიტორული სასამართლოს (ECA) წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შეხვედრაზე სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის სამსახურის უფროსი ლაშა კელიხაშვილი წარმოადგენდა.
დიდ მონაცემთა სამუშაო ჯგუფი წარმოადგენს INTOSAI-ს სპეციალიზებულ სამუშაო ჯგუფს, რომელიც INTOSAI-ის მესამე სტრატეგიული მიზნის - „ცოდნის გაზიარება და მომსახურება“ მიღწევის მიზნით შეიქმნა. ჯგუფის მიზანია გამოავლინოს მსოფლიოს უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების წინაშე არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები დიდი მონაცემების (Big Data) ეპოქაში, ხელი შეუწყოს ამ მიმართულებით არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და გააძლიეროს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები.
